აშშ-ს სანაპირო დაცვამ გემი Marinera-ს (Bella 1) ქართველი კაპიტანი, ავთანდილ კალანდაძე დიდი ბრიტანეთის ტერიტორიიდან გაიყვანა.
აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, კალანდაძე ამერიკის სანაპირო დაცვის ხომალდ Munro-ზე იმყოფება. მასთან ერთად წაიყვანეს კაპიტნის პირველი დამხმარეც. რაც შეეხება ეკიპაჟის დანარჩენ წევრებს, ისინი ბრიტანეთს მალე დატოვებენ.
როგორც BBC-ის რუსულენოვანი სამსახური და რადიო თავისუფლების პროექტი Эхо кавказа წერს, კალანდაძის ნათესავები ცდილობდნენ, რომ მისი ბრიტანეთიდან გაყვანა არ მომხდარიყო.
კაპიტნის ცოლის, ნათია ძაძამიას ადვოკატის, აამერ ანვარის თქმით, კალანდაძე დაცული უნდა ყოფილიყო შოტლანდიის კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლით.
შოტლანდიის სასამართლომ მართლაც გასცა განკარგულება, რომ კალანდაძის მიმართ ნებისმიერი ქმედება შეჩერებულიყო, სანამ მისი საქმე უფრო დეტალურად არ იქნებოდა განხილული. თუმცა ამის შემდეგ შოტლანდიის გენერალურმა პროკურორმა, რუთ ჩარტერისმა, სასამართლოს აცნობა, რომ კაპიტანი ქვეყნის ტერიტორიაზე აღარ იმყოფებოდა.
"კაპიტანი და პირველი თანაშემწე ამჟამად იმყოფებიან აშშ-ს სანაპირო დაცვის ხომალდ Munro-ზე და უკვე გავიდნენ გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიული წყლებიდან." - თქვა მან.
სასამართლო სხდომის შემდეგ კაპიტნის ცოლის ადვოკატმა აშშ კალანდაძის შოტლანდიის ტერიტორიიდან "ფაქტობრივ გატაცებაში" დაადანაშაულა.
აშშ-ს მიერ დაკავებული ხომალდის 26 წევრი ბრიტანეთის საემიგრაციო უწყებამ შოტლანდიაში, ქალაქ ელგინში განათავსა. დაკავებული ხომალდი ამავე რეგიონში იყო გაჩერებული. ცნობების მიხედვით, კაპიტნის გარდა ეკიპაჟზე საქართველოს კიდევ 5 მოქალაქე იმყოფებოდა. ეკიპაჟის წევრები იყვნენ რუსეთის, უკრაინისა და ინდოეთის მოქალაქეებიც.
აშშ ტანკერ Marinera-ს, იგივე Bella 1-ს, რამდენიმე კვირის განმავლობაში მისდევდა. ხომალდის ბრიტანეთის სანაპიროსთან დაკავებამდე The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტანკერის ესკორტირებისთვის რუსეთმა წყალქვეშა ნავები და სხვა საზღვაო საშუალებები გაგზავნა.
ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ტანკერი Marinera, რომელიც სავარაუდოდ ცარიელი იყო, რადგან ვენესუელაში ნავთობით დატვირთვა ვერ შეძლო, აშშ-ს ძალებს თავს არიდებდა. აშშ-მ გასულ კვირებში ვენესუელას სანქცირებული ნავთობის შეტანაზე ბლოკადა დაუწესა. გემი ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს ეკუთვნის, რომელსაც რუსული, ირანული და ვენესუელის სანქცირებული ნავთობი გადააქვს.
Bella 1 გაიანას ცრუ დროშის ქვეშ დაცურავდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც მას აშშ-ს ძალები აედევნენ და ხომალდმა კურსი იცვალა, გემი რუსეთში გადარეგისტრირდა და სახელი შეიცვალა. ხომალდს ფორმალურად ახლა Marinera ჰქვია. დევნის დროს ეკიპაჟის წევრებმა გემზე რუსული დროშა დახატეს.





