გრანტების რუსული კანონი

მეწარმე იურიდიული პირის პოლიტიკურ აქტივობაზე სასჯელი მკაცრდება

ივანიშვილის პარლამენტს გრანტების რუსულ კანონში ცვლილება შეაქვს. კერძოდ, მეწარმე იურიდიული პირის "პოლიტიკურ აქტივობაზე" სასჯელი მკაცრდება. ამის შესახებ არჩილ გორდულაძემ ისაუბრა. 

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განსაზღვრულია მეწარმე იურიდიული პირის პოლიტიკური აქტივობა. აქ არ იგულისხმებიან ფიზიკური პირები, ინდმეწარმეები [...] პირველ ჯერზე, პასუხისმგებლობა 20 000-ლარიანი ჯარიმა იქნება, ხოლო შემდგომი ჩადენა კი გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

ანუ, თუ იურიდიული პირი პოლიტიკური აქტივობისთვის ადმინისტრაციულად სახდელდადებულია, მეორედ ჩადენის შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც ამ იურიდიულ პირს, ასევე დარღვევაზე პასუხისმგებელ შესაბამის ფიზიკურ პირს. სახდელდადებულობა გულისხმობს სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში ანალოგიური ქმედების ჩადენას. შემოთავაზებულია მუხლი, რომლის მიხედვით, პასუხისმგებლობა განისაზღვრება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 120-დან 200 საათამდე ან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით". - თქვა გორდულაძემ კანონპროექტის მეორე მოსმენის დროს.

აქამდე შემოთავაზებული ვერსიით, მეწარმე სუბიექტი "პოლიტიკური აქტივობისთვის" პირველ ჯერზე 20 000 ლარით, განმეორებით შემთხვევაში კი 40 000 ლარით უნდა დაჯარიმებულიყო.

გრანტების რუსულ კანონს ივანიშვილის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 16 თებერვალს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

კომენტარები