ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება ქართული ოცნების მიერ გრანტების რუსული კანონის მიღებას და წერს, რომ საქართველოში ვითარება კვლავ უარესდება:
"საქართველოში სიტუაცია კვლავ უარესდება. ახლად მიღებული კანონმდებლობა მკვეთრად შეზღუდავს დამოუკიდებელი ორგანიზაციებისთვის უცხოურ დაფინანსებას, ძირითადი სამოქალაქო აქტივობების კრიმინალიზებას ახდენს და პოლიტიკურ ჩართულობას ფართო სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მოაქცევს.
მსგავსი ზომები შეუთავსებელია დემოკრატიულ პრინციპებთან, საქართველოს მიერ აღებულ ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებთან და ქვეყნის ევროპული გზიდან კიდევ უფრო დაშორების საფრთხეს აჩენს". - ნათქვამია განცხადებაში.
4 მარტს, ქართულმა ოცნებამ მესამე მოსმენით მიიღო გრანტების რუსული კანონი, რომელიც ასევე მათი ხელისუფლების არაღიარების კრიმინალიზებასაც გულისხმობს. სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 316-ე პრიმა მუხლი - ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, რაც ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხასიდან ექვსას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
გარდა ამისა, ახალი ცვლილებებით, მეწარმე იურიდიული პირი "პოლიტიკური აქტივობისთვის" პირველ ჯერზე 20 000 ლარით დაჯარიმდება, შემდგომი შემთხვევა კი 3 წლამდე ვადით სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
რეჟიმი ასევე სისხლისსამართლებირვი წესით დასჯადს ხდის გარე ლობიზმს, ცვლილებები შეიტანა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონში, რომლის მიხედვითაც, პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში.





