რუსეთის ვიცეპრემიერის, ალექსეი ოვერჩუკის თქმით, რუსეთი საქართველოსთან ოკუპირებული აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის შესაძლებლობას განიხილავს.
"მიმდინარეობს მუშაობა კავკასიაში ყველა გაწყვეტილი გზის აღდგენაზე, მათ შორის განიხილება რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რკინიგზის აღდგენა." - თქვა ოვერჩუკმა.
ოვერჩუკის თქმით, ამ მიმართულების აღდგენა მნიშვნელოვანია "კავკასიაში სატრანსპორტო-ლოგისტიკური სტაბილურობის დიდი ამოცანის გადასაჭრელად".
ოვერჩუკი ირწმუნება, რომ "მსოფლიოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, ირანის, თურქეთისა და რუსეთის ხალხთა სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება".
"ვიმედოვნებთ რეგიონის ყველა სახელმწიფოს კონსტრუქციულობაზე ამ მნიშვნელოვანი საერთო ამოცანის გადასაჭრელად." - თქვა ოვერჩუკმა.





