კორუფციის აღქმის ინდექსი

კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველოს ქულამ 3 პუნქტით იკლო - TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს განცხადებით, კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველოს ქულამ 3 პუნქტით დაიკლო და 50 გახდა.

ორგანიზაციის მიხედვით, ქვეყნის ქულის კლება და კორუფციის რისკის ზრდა, დაკავშირებულია დემოკრატიის უკუსვლასთან და ქვეყანაში ავტოკრატიის აღზევებასთან.

TI-ს განმარტებით, ეს ინდექსი ზომავს თუ რამდენადაა კორუფციისადმი მოწყვლადი ქვეყნის საჯარო სექტორი, თუმცა არ ზომავს კორუფციის კომპლექსურ ფორმებს, როგორიცაა სახელმწიფოს მიტაცება და კლეპტოკრატია. ორგანიზაციის თქმით, საქართველოში მთავარი გამოწვევა სწორედ ესაა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის "კორუფციის აღქმის ინდექსის" (CPI) მიხედვით, საქართველოს ქულამ 3 პუნქტით იკლო და 50 გახდა. 100 ბალიან შკალაზე 50 საშუალო შედეგია. საქართველოს ასეთი დაბალი ქულა 2013 წლის შემდეგ არ ჰქონია, მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის რეგიონში ის პირველობას ინარჩუნებს.

კორუფციის აღქმის ინდექსი 182 ქვეყანაში ტარდება. ქვეყნები ფასდება 100 ბალიანი სისტემით, სადაც 100 დადებითი, ხოლო 0 უარყოფითი შედეგია.

საქართველოს შემთხვევაში კარგად ჩანს, ​​თუ როგორ უწყობს ხელს დემოკრატიული უკუსვლა პირდაპირ კორუფციის რისკებს. მმართველი პარტიის მიერ შემოღებული ე.წ. "უცხოელი აგენტების" კანონი და გრანტების კანონი ანტიდემოკრატიული ზომებია, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების ლეგიტიმური საქმიანობის კრიმინალიზებას ახდენს და დამოუკიდებელ აქტორებს უცხოელ აგენტებად აცხადებს.

პარტიამ ასევე გააძლიერა განსხვავებული აზრის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნა, მედიის შეზღუდვა, არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების გაყინვა და მომიტინგეებისა და ჟურნალისტების ძალადობრივი დარბევა.

2024 წლის სადავო არჩევნებისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის მოლაპარაკებების შეჩერების შემდეგ, საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოში ავტორიტარულ შემობრუნებაზე საუბრობენ, რაც გამოიხატება ოპოზიციური პარტიების აკრძალვისა და საჯარო სამსახურზე, პოლიციასა და სასამართლოზე პოლიტიკური კონტროლის გაღრმავების მცდელობით. ეს მწვავედ ზრდის კორუფციის რისკებს და მთლიანობაში აზიანებს ქართულ საზოგადოებას.

ქვეყნების თითქმის ორ მესამედში, რომელთა CPI ქულები მნიშვნელოვნად შემცირდა 2012 წლიდან, შეინიშნება გამოხატვის, გაერთიანებისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის შემაშფოთებელი ტენდენცია.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, ინდონეზია, პერუ და ტუნისი, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში პოლიტიზირებული ჩარევის შედეგად, მთავრობებმა მიიღეს ახალი კანონები დაფინანსებაზე წვდომის შესაზღუდად ან იმ ორგანიზაციების პირდაპირ დასახურად, რომლებიც მთავრობას ამოწმებენ და აკრიტიკებენ; ამ პროცესს, ხშირად, თან ახლავს ცილისწამების კამპანიები და დაშინება.

ასეთ კონტექსტში დამოუკიდებელი ჟურნალისტებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის და მამხილებლებისთვის უფრო რთულია კორუფციაზე თავისუფლად საუბარი, ხოლო კორუმპირებული თანამდებობის პირების მხრიდან იზრდება ძალაუფლების ბოროტად გამოყენების რისკი." - წერია განცხადებაში.

კომენტარები