აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თქმით, "ირანის რეჟიმი არ ასახავს ირანელ ხალხსა და არც მათ კულტურას, რომელსაც ღრმა ისტორიული ფესვები აქვს. არ ვიცი სხვა ქვეყნის შესახებ, სადაც უფრო დიდი სხვაობაა ქვეყნის მმართველებსა და იქ მცხოვრებ ხალხს შორის."
4 თებერვალს გამართულ რუბიომ ირანთან დაგეგმილ მოლაპარაკებებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ თეთრი სახლის გადმოსახედიდან, რეჟიმთან მოლაპარაკებების გამართვა არ არის "დათმობა" ან მისი "ლეგიტიმიზაცია".
"პრეზიდენტი ტრამპი მზად არის, რომ მსოფლიოში ნებისმიერს შეხვდეს და დაელაპარაკოს. ჩვენ შეხვედრებს დათმობად არ მივიჩნევთ. შეხვედრები არც ლეგიტიმიზაციად არ მიგვაჩნია. ჩვენ მზად ვართ, დავსხდეთ და ნებისმიერს მოვუსმინოთ - ნებისმიერ მტერს; მოკავშირეს, ცხადია; მსოფლიოში ნებისმიერს. პრეზიდენტი ყოველთვის ემხრობოდა ამას. მან ეს პირველი ადმინისტრაციის დროს აჩვენა და ახლაც ამას ვხედავთ. ასე რომ, ჩემი აზრით, თუ არის ირანის რეჟიმის კოლეგებთან პირდაპირ შეხვედრის შესაძლებლობა, აშშ მხარს დაუჭერს ამას.
გვეგონა, რომ ფორუმი განსაზღვრული გვქონდა, რომელიც შეთანხმებული იყო თურქეთში, რამდენიმე პარტნიორის ორგანიზებით, რომლებსაც დასწრება და მონაწილეობის მიღება სურდათ. გუშინ ირანული მხარისგან ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები ვნახე, რომლებშიც წერდნენ, რომ ირანელები არ დათანხმდნენ ამას. ამიტომ, ამაზე მუშაობა კვლავ მიმდინარეობს. და ბოლოს, აშშ მზად არის და ყოველთვის იყო მზად ირანთან შეხვედრისთვის. რაც შეეხება ამ მოლაპარაკებების თემას და იმას, თუ რა უნდა იყოს დღის წესრიგი, ჩემი აზრით, იმისთვის, რომ მოლაპარაკებებმა რაიმე არსებითამდე მიგვიყვანოს, ისინი კონკრეტულ რაღაცებს უნდა მოიცავდეს, მათ შორისაა ბალისტიკური რაკეტების რადიუსი, რეგიონში ტერორისტული ორგანიზაციების სპონსორი, ბირთვული პროგრამა და ისიც, თუ როგორ ექცევიან ისინი თავიანთ მოსახლეობას." - აღნიშნა მან.
ირანზე საუბრისას აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ასევე დაამატა, რომ ხამენეის რეჟიმი ძლიერ განსხვავდება ირანელი ხალხისგან. მისი თქმით, ირანის რეჟიმს არ შეუძლია იმ პრობლემების აღმოფხვრა, რის გამოც მოსახლეობამ საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყო.
"ფუნდამენტური პრობლემა, რომლის წინაშეც ირანი და მისი რეჟიმი ახლა დგას არის ის, რომ ხალხი ქუჩებში გამოდის მოთხოვნებით, რომელთა აღმოფხვრაც ამ რეჟიმს არ შეუძლია. არ შეუძლიათ, რადგან ეს ეკონომიკურია. პრობლემები კვლავ არსებობს და ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ირანის რეჟიმი მოსახლეობას ვერ აძლევს ისეთი დონის ცხოვრებას, რომელსაც იმსახურებენ, არის ის, რომ [რეჟიმი] მთელ ფულსა და რესურსებს, რომლითაც ქვეყანა მდიდარია, ტერორიზმის დაფინანსებისთვის იყენებს, მსოფლიოში ყველა ამ პროქსი დაჯგუფების დასპონსორებისთვის. როგორც თავადვე უწოდებენ, "რევოლუციის ექსპორტისთვის". მაგრამ ყველას შევახსენებ იმას, რასაც მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ვამბობდი... ირანელი ხალხი და ირანული რეჟიმ ძალზე განსხვავდებიან. არსებითად, რაც ირანელ ხალხს სურს... ეს სიღრმისეული ისტორიის მქონე კულტურაა. ირანის ხელმძღვანელობა სასულიერო დონეზე არ ასახავს ირანელ ხალხს. არ ვიცი სხვა ქვეყანა, სადაც ქვეყნის ხელმძღვანელებსა და იქ მცხოვრებ ხალხს შორის სხვაობა უფრო დიდია." - თქვა რუბიომ პრესკონფერენციაზე.





