აშშ-ისრაელი

ნეთანიაჰუმ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თეთრ სახლში, 7 ივლისი, 2025 წ.
აშშ-ს თეთრი სახლი

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 7 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უთხრა, რომ მან იგი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა, რის შემდეგაც ტრამპს თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე მას წარდგენის წერილი გადასცა. 

შეხვედრის დასაწყისში რეპორტიორებთან საუბრისას კი ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ისრაელი აშშ-სთან ერთად მუშაობს, რათა გამონახონ ქვეყნები, რომლებიც პალესტინელებს უკეთეს მომავალს მისცემენ. 

თეთრ სახლში ნეთანიაჰუსა და ტრამპს შორის შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა, რის პარალელურადაც, Reuters-ის ცნობით, ისრაელელი მაღალჩინოსნები ჰამასთან არაპირდაპირ მოლაპარაკებებს მართავდნენ ღაზის სექტორში აშშ-ს შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმების მისაღწევად. 

ვაშინგტონში ნეთანიაჰუს ვიზიტი რიგით მესამეა იანვარში ტრამპის მეორე ინაუგურაციის შემდეგ. ვიზიტის დანიშვნამდე აშშ ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ ისრაელის საჰაერო იერიშების კამპანიაში ჩაერთო და თეირანის ბირთვული პროგრამის სამი უმთავრესი ობიექტი - ფორდო, ნათანზი და ისპაანი - დაბომბა. 

თუმცა, მას შემდეგ ტრამპმა ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას უშუამავლა და მიანიშნა, რომ ახლა ყურადღებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას დაუთმობს. 

ამასთან, ტრამპმა 27 ივნისს განაცხადა, რომ "ჩვენი აზრით, მომდევნო კვირაში ცეცხლის შეწყვეტას მივაღწევთ" ღაზაში, თუმცა ამის შესახებ დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია. 

ივნისის ბოლოს ებრაულ მედიაში წერდნენ, რომ ტრამპი ნეთანიაჰუს ღაზის სექტორში ომის დასრულებისკენ უბიძგებდა და ნეთანიაჰუს წინააღმდეგ სასამართლო პროცესის გაუქმების შესახებ ტრამპის მოთხოვნაც ამ ძალისხმევასთან იყო კავშირში. 

ცნობისთვის, ტრამპმა 25 ივნისს Truth Social-ზე გავრცელებულ პოსტში ისრაელს პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეწყალებისკენ ან კორუფციის საქმეზე სასამართლოს გაუქმებისკენ მოუწოდა და დაამატა, რომ აშშ ნეთანიაჰუს ისევე გადაარჩენს, როგორც მან ისრაელი გადაარჩინა. 

კომენტარები