სპეციალური პენიტენციური სამსახური 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ნანა სანდერის განცხადებას პასუხობს, უარყოფს სანდერის მიერ მითითებულ ფაქტებს და წერს, რომ "ადგილი აქვს სამსახურის დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობას".
"ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებული და მისი პირადი ნივთები საგულდაგულოდ მოწმდება და ამის შესახებ დგება შესაბამისი აქტი. ბრალდებულის შემოწმებას ახორციელებს პატიმრობის დაწესებულების იმავე სქესის თანამშრომელი. პირადი სრული შემოწმებისას დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული გაშიშვლება.
სპეციალური პენიტენციური სამსახური არ ადასტურებს ბრალდებულ ნანა სანდერის განცხადებაში მითითებულ ფაქტებს და მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს სამსახურის დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობას.
მიუხედავად აღნიშნულისა, ბრალდებულ ნანა სანდერის განცხადებასთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ დაიწყება სამსახურებრივი შემოწმება და განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პროცედურა, ბრალდებულის უფლებების დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება პასუხისმგებლობის შესაბამისი ღონისძიება.
სამსახურებრივი შემოწმების შედეგების შესახებ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან, მოხდება როგორც ბრალდებულის ასევე საზოგადოების ინფორმირება". - ნათქვამია განცხადებაში.
4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულმა ნანა სანდერმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მის მიმართ ციხეში ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული. სანდერის თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში ის სექსუალურად შეავიწროვეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
"ჩემს მიმართ ციხეში მოყვანის წუთებიდან განხორციელდა სისხლის სამართლის დანაშაული. ადამიანის ღირსების შემლახველი მოპყრობა, როგორც ვიცი, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ამას დავამატოთ სექსუალური შევიწროება გაშიშვლების მოთხოვნით. ამაში მინიმუმ ხუთი ადამიანი იყო ჩართული, მათ შორის ციხის დირექტორი და მოადგილე. არ ვიცი, შეიძლება ის ცუდი ადამიანი არ იყოს, მაგრამ ჩემს მიმართ ეს არის შერჩევითობა და არაადამიანობაა.
მე ვარ უდანაშაულო პოლიტპატიმარი. არც ქრისტიანული ღირებულებებია და არც ადამიანური, არ ვიცი ეს რაში წერია, ეს არის ჩემი ტანჯვა და წამება. ორი დღეა გასივებული სახით ვიღვიძებ, ყველაფერი მტკივა, თითს ვერ ვიდებ ორგანიზმზე და ადამიანი მეუბნება, შენ შოუს აწყობ და არაფერი გაწუხებსო. რა შოუ, ადვოკატებისთვისაც კი არ მითქვამს ეს მაწუხებს, ის მაწუხებს, ადგილზე მინდოდა მომეგვარებინა. მე არ მეგონა საქართველოში ციხეებში კიდევ ასეთი არაადამიანური მოპყრობა იყო". - თქვა სანდერმა, IPN-ს ცნობით.
ცნობისთვის, ნანა სანდერი შსს-მ 2025 წლის 8 ოქტომბერს დააკავა - მანამდე, 7 ოქტომბერს, სანდერის შესახებ ისაუბრა ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც და მას ექსტრემიზმისთვის ფულის შეგროვებაში დასდო ბრალი.
9 ოქტომბერს პროკურატურამ სანდერს ბრალი საქართველოს სისხლის სამართის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებული საქმის ფარგლებში დაკავებულ 6 პირს, გოჩა ყატაშვილს, საბა კორძაიას, სულხან აბრალავას, ბექა ქელეხსაშვილს, გიორგი კიკნაველიძესა და ნანა სანდერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 10 ოქტომბერს შეუფარდა.
4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე შეკრება მოქალაქეებმა 16:00 საათიდან დაიწყეს. 18:00 საათზე, პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე მისი განცხადებით, "ეროვნული კრების დეკლარაცია" წაიკითხა და თქვა, რომ "ამიერიდან ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს".
ამის შემდეგ მოქალაქეებს მურთაზ ზოდელავამ მიმართა და მოუწოდა, ათონელის რეზიდენციისკენ წასულიყვნენ - " მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური ძალა ვიკრიბებით ბარათაშვილის პარკისკენ და ვიწყებთ მოძრაობას, რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება" - თქვა მან.
მოქალაქეთა ნაწილმა პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში ჯებირები მოარღვია, გდდ-მ მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა და ათონელის სასახლის ეზო დაატოვებინა.
მომიტინგეთა ნაწილი ათონელის ქუჩაზე დარჩა, ნაწილი რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე. გდდ-მ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი და გაზი, ასევე წყლის ჭავლი.
ცოტა ხანში ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილემ , ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ "თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორების და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით" გამოძიება სსკ-ს 4 მუხლით: 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე დაიწყო.
რამდენიმე საათში გახდა ცნობილი, რომ 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ვაჟა ბერიძე დააკავეს. მომდევნო დღეებში აიყვანეს აქციის მონაწილეებიც. ივანიშვილის პრემიერმა არაერთხელ თქვა, რომ დაკავებულთა რიცხვი "მნიშვნელოვნად გაიზრდება".





