პროკურატურამ სამოქალაქო აქტივისტს, ნანა სანდერს ბრალი საქართველოს სისხლის სამართის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს.
ცნობისთვის, ნანა სანდერი შსს-მ 8 ოქტომბერს დააკავა - მანამდე, 7 ოქტომბერს, სანდერის შესახებ ისაუბრა ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც და მას ექსტრემიზმისთვის ფულის შეგროვებაში დასდო ბრალი.
"ჩატარებული გამოძიებით ასევე იდენტიფიცირებულია ზემოაღნიშნულის დანაშაულებრივი ქმედების, ჯგუფური ძალადობის კიდევ ერთი ორგანიზატორი, ნანა სანდერი
იგი სოციალური ქსელის გამოყენებით აქტიურად ახდენდა ძალადობრივი ქმედების განხორციელების ორგანიზიებას და ძალადობისკენ მოწოდებას, უზრუნველყოფდა დანაშაულში მონაწილე პირთა საჭირო ეკიპირებისა და აღჭურვილობის ფულადი სახსრების მობილიზებას, ასევე გასცემდა მითითებებს სამართალდამცავების წინააღმდეგ ეფექტურად დაპირისპირების გარემოებებთან დაკავშირებით.
იგი კატეგორიულად მოითხოვდა სხვადასხვა ბრალდებულების თუ მსჯავრდებულების გათავისუფლებას და სახელმწიფო დაწესებულების შენობების საჯარო მოსამსახურეებისგან დაცლას.
წინააღმდეგ შემთხვევაში კი, როგორც ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორი, ცალსახად მოუწოდებდა თანამოაზრეებს 4 ოქტომბერს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა მიმართ განეხორციელებინათ სასტიკი ხასიათის ანგარიშსწორება.
ნანა სანდერს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველიი ნაწიილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს, ხოლო სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა დაკავებული ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონიისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს". - წერია განცხადებაში.
ასევე, 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ ბრალდება კიდევ 13 პირს წარუდგინა. ისინი სასამართლოს განჩინების საფუძველზე 7 და 8 ოქტომბერს დააკავეს.
კობა ეპიტაშვილსა და საბა კორძაიას ბრალდება წარედგინათ სსკ-ის 225-ე მუხლის, მეორე ნაწილით, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ვლადიმერ გველესიანს, ნიკა გვენცაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გოჩა ყატაშვილს, გურიელ ქარდავას, ზურაბ ჭავჭანიძეს, კონსტანტინე კოკაიას, სულხან აბრალავას, ბექა ქელეხსაშვილსა და გიორგი კირვალიძეს ბრალი სსკ-ის 19-222-ე მუხლის, მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, ასევე 225-ე მუხლის , მეორე ნაწილით, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.





