სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ვეფხია კასრაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც კასრაძე ამბობდა, რომ სუს-ის თანამშრომელი 2025 წელს მისი "შვილის გატაცებას აპირებდა", განცხადებას ავრცელებს.
სუს-ი წერს, რომ პროკურატურას კასრაძის განცხადებასთან დაკავშირებით მიმართეს, იმისთვის, რომ "უმოკლეს ვადაში მოხდეს განცხადების ავტორის გამოკითხვა და დადგინდეს, რასთან გვაქვს საქმე სინამდვილეში".
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვეფხია კასრაძის განცხადებასთან დაკავშირებით უკვე მიმართა პროკურატურას, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს განცხადების ავტორის გამოკითხვა და დადგინდეს, რასთან გვაქვს საქმე სინამდვილეში - ერთი მხრივ, თეორიულადაც რომ დავუშვათ განცხადებაში მოტანილი ფაქტების სისწორე, ის დეტალურად არის გამოსაძიებელი, მეორე მხრივ კი არ შეიძლება ვინმეს შეეძლოს საკუთარი ქვეყნის სპეცსამსახურს ასე ხელაღებით დააბრალოს სასტიკი დანაშაული. ორივე შემთხვევაში გაკეთებული განცხადება დეტალურ შესწავლას, მეტ კონკრეტიკას და ოდნავი დეტალიზაციის შემთხვევაშიც კი, სრულყოფილ გამოძიებას საჭიროებს". - ნათქვამია განცხადებაში.
TV პირველთან სატელეფონო საუბარში ვეფხია კასრაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი შარშან მისი შვილის "გატაცებას აპირებდა".
"შარშან ჩემი შვილის გატაცებას რომ აპირებდა სუს-ის თანამშრომელი და 11 წლის გოგოს რომ ურეკავდნენ მთელი სამი თვის განმავლობაში, რომ არ ვამხილე ის სუს-ის თანამშრომელი, ხომ? ეგ ვაღიარო, არა? ესენი არიან გარეწრები, უბრალოდ და ცოტა რცხვენოდეთ, რა. ვფიქრობდი, რომ ლილუაშვილის სუს-ი აკეთებდა ამას, მაგრამ ახლაც რეკავენ". - თქვა კასრაძემ.
ცნობისთვის, აქციების დროს დაკავებული 8 პირის საქმეზე განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 2025 წლის 2 სექტემბერს გამოიტანა - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს 2 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს და ინსაფ ალიევს კი 2 წლით.
მჭედლიშვილმა ბრალდების მუხლები გადააკვალიფიცირა და განაჩენი სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლის საფუძველზე გამოიტანა - ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა.
პროკურატურა სამ ბრალდებულს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებოდა - მუხლი 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ხუთს კი - ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





