უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის უსაფრთხოების ამჟამინდელ ხელმძღვანელს, ვასილი მალიუკს შეხვდა და მისი ჩანაცვლების საკითხი განიხილეს.
ზელენსკიმ მალიუკს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტმა მას დაავალა, რომ კონცენტრირებული იყოს უკრაინის ასიმეტრიულ ოპერაციებზე და ეს მიმართულება მსოფლიოში "უძლიერესი" გახადოს.
მალიუკმა და ზელენსკიმ ერთად განიხილეს, თუ ვინ შეიძლება დაინიშნოს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მეთაურად.
"მივდივარ უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარის თანამდებობიდან. ვრჩები უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, რომ მოვახდინო მსოფლიო დონის ასიმეტრიული სპეცოპერაციების რეალიზაცია, რომლებიც მომავალშიც მიაყენებს ზიანს მტერს." - თქვა მალიუკმა.
ზელენსკი შეხვდა სპეცოპერაციათა ცენტრის ალფა სამსახურის ხელმძღვანელს, ევგენი ხმარას, რომელიც, უკრაინული მედიის ცნობით, უსაფრთხოების სამსახურის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნება.
Українська правда წერდა, რომ მალიუკის გათავისუფლების მიზეზი არის ის, რომ უსაფრთხოების სამსახური, მისი ხელმძღვანელობის ქვეშ, პრეზიდენტის ოფისის ყოფილ ხელმძღვანელს, ანდრიი ერმაკს ანტიკორუფციულ ორგანოებზე ზეწოლაში ეხმარებოდა. უკრაინული მედია ხაზს უსვამს, რომ ახლა პრეზიდენტის ოფისი ყველანაირად ცდილობდს, რომ ამ სკანდალისგან შორს დადგეს.





