ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა მარია კორინა მაჩადომ დადებითად შეაფასა აშშ-ს მიერ ნიკოლას მადუროს დაკავება და აღნიშნა, რომ ქვეყანაში "თავისუფლების საათი დადგა".
"დრო მოვიდა, რომ ჩვენი ქვეყნის მართვაში ხალხის სუვერენიტეტმა და ეროვნულმა სუვერენიტეტმა იბატონოს. ჩვენ აღვადგენთ წესრიგს, გავათავისუფლებთ პოლიტიკურ პატიმრებს, ავაშენებთ გამორჩეულ ქვეყანას და ჩვენს შვილებს სამშობლოში დავაბრუნებთ",- თქვა მაჩადომ მადუროს დაკავების შემდეგ გაკეთებულ პირველ საჯარო კომენტარში.
"ჩვენ წლები ვიბრძოდით, ყველაფერი დავდეთ სასწორზე და ამად ღირდა. ის, რაც უნდა მომხდარიყო, ხდება."- აღნიშნა მან.
მარია კორინა მაჩადო ღიად უჭერს მხარს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქმედებებს მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ.
მისი შეფასებით, ვაშინგტონმა კანონის აღსრულების კუთხით საკუთარი დაპირება შეასრულა მას შემდეგ, რაც მადურომ უარი თქვა მოლაპარაკებით ხელისუფლებიდან წასვლაზე. ოპოზიცია აშშ-ს სამხედრო ნაბიჯებს მადუროს რეჟიმის დასრულების აუცილებელ პირობად განიხილავს.
მაჩადოს განცხადებით, ის და ედმუნდო გონსალესი, რომელსაც შეერთებული შტატები ვენესუელას არჩეულ პრეზიდენტად აღიარებს, მზად არიან დაუყოვნებლივ ჩაიბარონ გარდამავალი მთავრობის ხელმძღვანელობა.
მისი თქმით, მთავარი მიზანია პოლიტიკური სტაბილიზაცია და ქვეყნის სწრაფი დაბრუნება დემოკრატიული განვითარების გზაზე, რასაც საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით აკვირდება.





