ტრამპის საგარეო პოლიტიკა

ტრამპის თქმით, აშშ-მ ნიგერიაში ISIS-ის ტერორისტებზე საჰაერო იერიში მიიტანა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 25 დეკემბერს განაცხადა, რომ ნიგერიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტების წინააღმდეგ "მომაკვდინებელი" საჰაერო იერიშის მიტანის ბრძანება გასცა.

Turth Social-ზე გავრცელებულ პოსტში მან აღნიშნა, რომ "ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთში ISIS-ის ტერორისტი არამზადების წინააღმდეგ ძლიერი და მომაკვდინებელი იერიშის" ბრძანება გასცა. 

პარალელურად, აშშ-ს აფრიკის სარდლობამ განაცხადა, რომ ნიგერიის სოკოტოს შტატში ქვეყნის "ხელისუფლებასთან თანამშრომლობით" საჰაერო იერიშები მიიტანა და პირველადი შეფასებით, "ISIS-ის ბანაკებში ISIS-ის რამდენიმე ტერორისტია მოკლული".

გამოცემა CNN-ის ინფორმაციით, ნიგერიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მათ დაუდასტურა, რომ "ტერორისტულ სამიზნეებზე" საჰაერო იერიშების კუთხით აშშ-სთან თანამშრომლობა მოხდა. სამინისტრომ ასევე გაიმეორა, რომ ნიგერია ერთგულია "რწმენისა და ეთნიკურობის მიუხედავად" ყველა მოქალაქის უფლებების დაცვის მიმართ.

"მე ეს ტერორისტები გაფრთხილებული მყავდა, რომ თუ ქრისტიანების ხოცვა-ჟლეტას არ შეწყვეტდნენ ჯოჯოხეთური საფასურის გადახდა მოუწევდათ და ამაღამ, ასეც მოხდა," დაწერა ტრამპმა და დაამატა, რომ მისი ლიდერობით აშშ არ დაუშვებს "რადიკალური ისლამური ტერორიზმის აყვავებას."

"შობას ვულოცავ ყველას, მათ შორის, მკვდარ ტერორისტებსაც, რომელთა რაოდენობაც გაიზრდება, თუ ისინი ქრისტიანების ხოცვა-ჟლეტას გააგრძელებენ." - დაწერა ტრამპმა პოსტის ბოლოს. 

ცნობისთვის, გასულ თვეს ტრამპი დაიმუქრა, რომ პენტაგონს ნიგერიის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო მოქმედებების მომზადება დაავალა, თუ ნიგერიის მთავრობა ქვეყანაში "ქრისტიანების მკვლელობებს კვლავ დაუშვებდა".

კომენტარები