ივანიშვილის მერმა, კახა კალაძემ ივანიშვილის თბილისის საკრებულოს სხდომაზე მიწისზედა მეტროს პროექტის შეჩერების მიზეზებზე ისაუბრა. კალაძის განმარტებით, უფრო პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი ვარკეთილისა და ახმეტელის თეატრის მეტროსადგურების ხაზების დაგრძელებაა.
"მიწისზედა მეტროს რაც შეეხება - ევროპული კომპანია დავიქირავეთ, რომელმაც ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დადო, რომლის მიხედვით, პროექტი, დაახლოებით, 300 მილიონი ევრო ჯდება. როცა ჩვენ მსჯელობა დავიწყეთ, რამდენად სწორი იქნება ამ პროექტში ამ თანხის დახარჯვა მაშინ, როდესაც გადაუდებელი აუცილებლობაა ვთქვათ ახმეტელისა და ვარკეთილის მეტროების ხაზის დაგრძელება, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ეს პროექტი დროებით შეგვეჩერებინა.
იმიტომ, რომ არსებობს პრიორიტეტები, არსებობს დათვლა, რამდენი ადამიანი იმგზავრებდა ამ ხაზით, რამდენი ადამიანი იმგზავრებს მაშინ, როცა ახმეტელისა და ვარკეთილის მეტროების ხაზები დაგრძელდება და ა.შ. ჩვენ რომ ეს ნაბიჯი გადაგვედგა, საზოგადოებისთვის ცნობილი იქნებოდა, ამ პროექტზე რა თანხა იხარჯებოდა და ასევე ისიც, მეტროს ეს ხაზი დღის განმავლობაში რამდენ ადამიანს მოემსახურებოდა - რა თქმა უნდა, მაშინვე წამოვიდოდა კრიტიკა და დაისმებოდა კითხვა, თუ რატომ გადავდგით ეს ნაბიჯი და რატომ ვხარჯავთ ამდენ ფულს მაშინ, როცა სხვა პრიორიტეტები და აუცილებლობებია. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ ეს პროექტი დროებით შეგვეჩერებინა და გაგვეკეთებინა ის, რაც უფრო მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია". - თქვა კალაძემ.
2018 წელს კახა კალაძემ თქვა, რომ მეტროსადგურ სამგორიდან აეროპორტის ჩათვლით, ლილოს ბაზრობამდე მიწისზედა მეტრო აშენდებოდა. კალაძე ამბობდა, რომ პროექტის განხორციელება 2019 წლის ბოლოდან დაიწყებოდა.





