თბილისის მერია

კალაძე: თბილისში მიწისზედა მეტრო განვითარდება, დაემატება 7 ახალი სადგური

Facebook: Kakha Kaladze

კახა კალაძე ამბობს, რომ მთავრობასთან ერთად მიწისზედა მეტროს განვითარება დაიწყება - დაემატება შვიდი ახალი მეტროსადგური; დამოუკიდებელი მიწისზედა მეტროს ხაზი, მეტროსადგურ „სამგორიდან“ აეროპორტის ჩათვლით, ლილოს ბაზრობამდე რვა ახალ სადგურს დააკავშირებს; ხორციელდება თბილისის მეტროს რუსთავთან დაკავშირების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა; შეირჩევა მეტროს ხაზით რუსთავთან დაკავშირების ოპტიმალური მარშრუტი.

მან დღეს მერიის 1-წლიანი მუშაობა ექსპო ჯორჯიაში შეაჯამა.

„აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერითა და თანადგომით, მეტროსადგურ "სამგორიდან" ლილოს მიმართულებით, ახალი მიწისზედა მეტროს მშენებლობა იწყება. მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, რადგან მსგავსი პროექტების განხორციელება დედაქალაქის მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწრაფი და იაფი ტრანსპორტის განვითარებით კი, ახალ მარშრუტებზე წვდომა 260 000 მოქალაქეებს გაუჩნდება", - თქვა კალაძემ.

მიმდინარეობს და დაგეგმილია ჯამში 22 მეტროსადგურის რეაბილიტაცია. 

მან თბილისის მერიის 1-წლიანი ანგარიშის შეჯამებისას ასევე თქვა, რომ სექტემბერში მეტროპოლიტენს ოთხი ახალი შემადგენლობა დაემატა, თებერვალში კი კიდევ ოთხი შემადგენლობა ემატება;

კალაძე ასევე ამბობს, რომ 2018-2021 წლებში თბილისის "მეტროპოლიტენს“ ჯამში დაემატება 12 ახალი, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი შემადგენლობა;

კალაძე საუბრობს ტაქსის რეგულაციებზეც. მისი თქმით, ეტაპობრივად მიმდინარეობს ტაქსების სტანდარტიზების პროცესი;

მერის თქმით, "ეკოლოგიური ტრანსპორტის განვითარების მიზნით დაწესდა შეღავათები - ჰიბრიდული ავტომანქანის შემთხვევაში, ნებართვის მოსაკრებელი ნახევრდება, ხოლო ელექტროტრანსპორტის შემთხვევაში, სანებართვო მოსაკრებლისგან სრულად ათავისუფლებს". 

„როდესაც ტაქსების რეფორმაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, თუ რა შეღავათებს მიიღებენ ტაქსის მძღოლები თბილისის მერიისგან. რეგისტრაცია გავლილი ტაქსებისთვის, უკვე გამოიყო სპეციალური, უფასო საპარკინგე ადგილები. ნებართვის მფლობელი ტაქსის მძღოლები გათავისუფლდნენ საშემოსავლო გადასახადისგან. ავტომანქანებზე ასევე, გამოიყოფა სარეკლამო ადგილები. მძღოლებს უფასოდ გადაეცემათ ტაქსის მანათობელი ნიშნები, ქიმწმენდისა და ღებვის ვაუჩერები“, - თქვა მან. 

კომენტარები