საქართველო-სერბეთი

მიხეილ ყაველაშვილი სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა

სებეთის დედაქალაქ ბელგრადში ვიზიტით მყოფი ივანიშვილის პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა.

ყაველაშვილის ადმინისტრაციის ცნობით, მათ სერბეთის სასახლეში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და სერბეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური და კულტურული  მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით იმსჯელეს.

"ისაუბრეს არსებული მეგობრული კავშირების, კულტურული სიახლოვის, საერთო ღირებულებებისა და გამოწვევების თაობაზე, რაც ურთიერთობათა შემდგომი განვითარებისთვის მტკიცე საფუძველს წარმოადგენს.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და სერბეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ასევე ყურადღება გაამახვილეს მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე.

როგორც შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველოსთვის ფასეულია სერბეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი". - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფომაციაში. 

მათივე ცნობით, ყაველაშვილმა ვუჩიჩი საქართველოში მიიწვია.

მიხეილ ყაველაშვილი სერბეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის  შემადგენლობაში არიან: ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ივანიშვილის დეპუტატები - ირაკლი მეზურნიშვილი, ირმა ზავრადაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, საქართველოს ელჩი სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე და ყაველაშვილის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

კომენტარები