ივანიშვილის პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში იმყოფება.
"სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ოფიციალური ვიზიტით, მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად ვიმყოფები.
ნიკოლა ტესლას საერთაშორისო აეროპორტში სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მარკო ჯურიჩი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, სერბეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტატიანა პანაიოტოვიჩ-ცვეტკოვიჩი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე დაგვხვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში სერბეთის სასახლეში ჩემი კოლეგა, ალექსანდარ ვუჩიჩი მიმასპინძლებს. შეხვედრებს გავმართავ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ჯურო მატუცისთან და ეროვნული კრების თავმჯდომარესთან, ანა ბრნაბიჩთან". - წერს ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან, ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ივანიშვილის დეპუტატები - ირაკლი მეზურნიშვილი, ირმა ზავრადაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, საქართველოს ელჩი სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე. ყაველაშვილის ცოლი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ყაველაშვილი შეხვედრებს გამართავს სერბეთის პრემიერმინისტრ ჯურო მატუცისთან და ეროვნული კრების თავმჯდომარე ანა ბრნაბიჩთან. მას სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი უმასპინძლებს. გაიმართება პირისპირ და გაფართოებულ ფორმატის შეხვედრები, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.





