დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპული აქციების დროს დაკავებული თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს. გამოიკითხა საქმეში დაზარალებულად ცნობილი, ქართული ოცნების მხარდამჭერი, ბექა გოცირიძე.
რადიო თავისუფლების მიხედვით, პროცესზე გოცირიძემ განაცხადა, რომ ძალიან ძლიერი ტკივილი არ უგრძვნია, "ტკივილი ვიგრძენი, მაგრამ საგანგაშო არა, ბატონო მოსამართლე... მეც მოვიქნიე...მეც ვჩხუბობდი..."
ბექა გოცირიძემ ასევე თქვა, რომ გაუხარდება თუ თოშხუას და შერვაშიძეს გამოუშვებენ - "თუ გირაოთი გამოუშვებთ და ახალ წელს სახლში შეხვდებიან, ძალიან გამეხარდება."
შეგახსენებთ, რომ 16 აგვისტოს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის 2 მონაწილე დააკავეს. მათ 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
შსს-ს განცხადებით, მინდია შერვაშიძემ და თორნიკე თოშხუამ ყოფილ ფეხბურთელსა და ქართული ოცნების მხარდამჭერზე, ბექა გოცირიძეზე ჯგუფურად იძალადეს.





