საშუალო თვიური ხელფასი

2025 წლის III კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა და 2 271.6 ლარია – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2025 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.4%-თ (214.9 ლარით) გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა. 

მათივე ცნობით, 2025 წლის III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 797.4 ლარი, ხოლო კაცების - 2 738.1 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 146.8 ლარი (8.9%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 287.1 ლარი (11.7%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 212.9 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.9%-ით);
  • მშენებლობა - 3 682.9 ლარი (გაიზარდა 15.2%-ით);
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 526.0 ლარი (გაიზარდა 10.7%-ით);
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 3 154.3 ლარი (გაიზარდა 30.6%-ით).

 

საქსტატის ცნობით, 2025 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 230.8 ლარით (10.5%) გაიზარდა და 2 420.9 ლარი შეადგინა.

საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციის და კომუნიკაციის (4 277.5 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.2%-ით) და მშენებლობის (3 687.6 ლარი, გაიზარდა 15.1%-ით) სფეროებში.

 

2025 წლის II კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 187.4 ლარით (10.3%) გაიზარდა და 2 000.9 ლარი შეადგინა. საქსტატის თანახმად, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს. საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში თბილისი და მცხეთა-მთიანეთი ლიდერობს.

 

კომენტარები