საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.7 პროცენტით (226.7 ლარით) გაიზარდა და 2 170.1 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 5 515.1 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 22.0 პროცენტით);
- ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 163.0 ლარი (გაიზარდა 5.2 პროცენტით);
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 975.7 ლარი (გაიზარდა 11.3 პროცენტით);
- მშენებლობა - 2 908.9 ლარი (გაიზარდა 10.8 პროცენტით)
2025 წლის I კვარტალშიც კაცების ხელფასი ქალებისაზე მეტი იყო - ქალების საშუალო ხელფასი 1 744.2 ლარით განისაზღვრა, ხოლო კაცების - 2 601.3 ლარით. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 204.1 ლარი (13.3%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 258.0 ლარი (11%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
გარდა ამისა, 2025 წლის I კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 184.2 ლარით (9.3%) გაიზარდა და 2 169.6 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციის და კომუნიკაციის (4 255.4 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 4.6%-ით) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3 402.5 ლარი, გაიზარდა 12.1%-ით) სფეროებში.
საქსტატის ცნობით, 2025 წლის I კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 300.9 ლარით (16.1%) გაიზარდა და 2 170.9 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.
საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთა-მთიანეთი.






