საშუალო თვიური ხელფასი

საქსტატი: 2024 წლის IV კვარტალში საშუალო თვიურმა ხელფასმა 2 217.5 ლარი შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.5%-ით (173 ლარით) გაიზარდა და 2 217.5 ლარი შეადგინა.

საქმიანობის მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 008.3 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია 7%-ით);
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 373.5 ლარი (გაიზარდა 8.5%-ით);
  • მშენებლობა - 3 361.8 ლარი (გაიზარდა 9.8%-ით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 3 259.1 ლარი (გაიზარდა 11.6%-ით).

2024 წლის IV კვარტალშიც კაცების ხელფასი ქალებისაზე მეტი იყო - ქალების საშუალო ხელფასი 1 778.5 ლარით განისაზღვრა, ხოლო კაცების - 2 653.8 ლარით. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 171.2 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 189.9 ლარი (7.7%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

გარდა ამისა, 2024 წლის IV კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 170.8 ლარით (7.8%) გაიზარდა და 2 367 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაცია და კომუნიკაციის (4 078.2 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 7.7%-ით) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3 663.5 ლარი, გაიზარდა 8%-ით) სფეროებში.

საქსტატის ცნობით, 2024 წლის IV კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 189.7 ლარით (10.7%) გაიზარდა და 1 955.4 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთა-მთიანეთი.

კომენტარები