სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2024 წელს საშუალო თვიური ხელფასი 11.5%-ით [204 ლარით] გაიზარდა და 1 970.8 ლარი იყო.
მათივე ცნობით, 2024 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 1 591.6 ლარი, ხოლო კაცების - 2 340.7 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 166.2 ლარი (11.7 %) შეადგინა, ხოლო კაცებში - 240.8 ლარი (11.5%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების საშუალო თვიური ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს.
2024 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ყველა სექტორში გაიზარდა.
საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი იყო შემდეგ დარგებში:
- ინფორმაცია და კომუნიკაცია - 3 923.1 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 1.7%-ით);
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 3 677.6 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 14.4%-ით);
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 2 823.4 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 12.6%-ით).
უწყების ცნობითვე, 2024 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 436 ლარით (20.6 %) ნაკლები იყო არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულების საშუალო თვიურ ხელფასთან შედარებით. 2023 წელთან შედარებით სახელმწიფო სექტორში ხელფასი 13%-ით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 10.9%-ით გაიზარდა და შესაბამისად 1 680.5 და 2 116.5 ლარი შეადგინა.
2024 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი სამეწარმეო (ბიზნეს) სექტორში 197.2 ლარით (10.8%) გაიზარდა და 2 024.4 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა:
- ინფორმაცია და კომუნიკაციის დარგში (4 007.2 ლარი, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 1.2%-ით).
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების დარგში (3 147.4 ლარი, წინა წელთან შედარებით გაზრდილია 11.9%-ით).
საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 217.2 ლარით (13.2%) და 1 866.8 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სფეროში დასაქმებულებს.
საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში თბილისი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი ლიდერობს.





