რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, მიხაილ კალუგინმა მოსკოვისა და თბილისის ურთიერთობებზე ისაუბრა.
ინტერვიუში კალუგინი ირწმუნებოდა, რომ დასავლეთმა სამხრეთ კავკასიაში "დესტრუქციული ძალისხმევა გაააქტიურა" და ცდილობს განხეთქილების შეტანას რეგიონის ქვეყნებსა და რუსეთს შორის. მისივე მტკიცებით, რუსეთს საქართველოსთან სტაბილური ურთიერთობა სურს. კალუგინის თქმით, თბილისი ავლენს "ჯანმრთელ პრაგმატიზმს".
"საქართველოსთან სტაბილური ურთიერთობისკენ ვისწრაფვით. თბილისი ჯანმრთელი პრაგმატიზმის, საგარეო საქმიანობაში მრავალვექტორულების ტენდენციას ავლენს. საქართველო არ შეუერთდა ანტირუსული სანქციების კოალიციას, უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ "მეორე ფრონტის" გახსნის გარედან თავსმოხვეულ დაუფიქრებელ სცენარებზე." - თქვა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
კალუგინმა ისაუბრა ეკონომიკურ კავშირებზეც. მისივე თქმით, საქართველოსთან რუსეთს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, თუმცა არსებობს "აქტიური კავშირი, რომელიც ხელშესახებ სარგებელს იძლევა".
"ამის წყალობით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ ეკონომიკაში არც თუ ისე მცირე მიღწევები გვქონდა. ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, მაგრამ გვაქვს აქტიური კავშირი, რომელიც ხელშესახებ სარგებელს იძლევა. 2024 წელს სავაჭრო ბრუნვამ 2.4 მილიარდი დოლარი შეადგინა და აგრძელებს ზრდას. ჩვენი ტევადი ბაზარი - ფაქტობრივად ჩაუნაცვლებელია ქართული ექსპორტის მთავარი პროდუქტებისთვის. საქართველოში ტურისტების რაოდენობით რუსეთი პირველ ადგილზეა. თუ 2021 წელს ეს 200 000 ადამიანი იყო, 2024 წელს უკვე 1.4 მილიონზე მეტია. 2025 წელს საქართველოში რუსეთზე ტურისტული ნაკადის თითქმის მეოთხედი მოდიოდა. ორი წლის წინ ჩვენ განვაახლეთ საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა. ვთვლი, რომ სატრანსპორტო სფეროში არის თანამშრომლობის განვითარების, ბარიერების აღმოფხვრისა და სატრანზიტო შესაძლებლობების გაფართოების პოტენციალი. ორმხრივი სარგებელი აქ აშკარაა.
თუ 2022 წელს საქართველოს ხელისუფლება დასავლელების სასარგებლოდ აირჩევდა ჩვენთან კონფრონტაციის მიმართულებას, მთელი ეს პოზიტიურობა არ იქნებოდა, საქართველოს ეკონომიკა კი 40%-ით ვერ გაიზრდებოდა.
რაც შეეხება ევროკავშირს, რეგიონში მის პოლიტიკურ ჩანაფიქრებზე უკვე ვისაუბრე. ეკონომიკაში ევროკავშირმა, როგორც ჩანს, ასევე ვერ გაამართლა საქართველოს მოლოდინები. 2014 წელს ევროკავშირთან ასოციაციისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მიუხედავად, ქართულ საქონელს არავინ ელის ევროკავშირის ბაზარზე. ამაზე მშრალი ციფრები მეტყველებენ. დსთ-ზე ქართული საქონლის ბრუნვის 33% მოდის, ევროკავშირის მთელ ქვეყნებზე კი მხოლოდ 22%. ქართული ექსპორტის ნაწილში კი დსთ-სა და ევროკავშირის წილის სხვაობა უბრალოდ კოლოსალურია: 2024 წელს დსთ-ში საქართველომ თავისი საქონლის 70% დააექსპორტა, ევროკავშირში კი - 9%. ცხადია, ვისი ბაზარია ღია საქართველოსთვის, ვისი კი დახურული." - თქვა კალუგინმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ირწმუნება, რომ რუსეთი სერიოზულად არის განწყობილი საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის.
"რუსეთი სერიოზულად არის განწყობილი საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის. მთავარია საქართველო არ გახდეს "სავაჭრო მონეტა" ანტირუსულ თამაშებში." - თქვა კალუგინმა.
კალუგინი შეეხო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ლოკაციის ცვლილების შესაძლებლობასაც. მისი თქმით, ეს მოსკოვისთვის პრიორიტეტული საკითხია.
"სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საერთაშორისო დისკუსიების რეგულარული სხდომების ჟენევიდან სხვა ადგილზე გადატანის გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არაა. ამისთვის საჭიროა ფორმატის ყველა მონაწილეს შორის კონსენსუსის უზრუნველყოფა. ამაზე მუშაობას აგრძელებს რუსეთის მხარე ჩვენ აფხაზი და სამხრეთოსეთელი მოკავშირეების მხარდაჭერით. მოცემული თემა რჩება მნიშვნელოვან პრიორიტეტად მოსკოვისთვის, სოხუმისთვისა და ცხინვალისთვის. ამ ამოცანის მნიშვნელობა ნაკარნახევია შვეიცარიის კონფედერაციის არამეგობრული ქმედებებით. ამასთან ერთად, ვრჩებით ამ მოლაპარაკებების ფორმატის მუშაობის გაგრძელების ერთგულები. დღეისათვის ის რჩება ერთადერთ შეთანხმებულ პლატფორმად, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის მუდმივი პირდაპირი დიალოგის შენარჩუნებას მათ შორის არსებული პოსტკონფლიქტური ურთიერთობების აღდგენის საკითხებზე." - თქვა კალუგინმა.





