მღვდელმოქმედების შეჩერება

საპატრიარქომ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერა

პატრიარქის სახელით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს საპატრიარქომ მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერა.

"თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება." - წერია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში. 

ცნობისთვის, 14 დეკემბერს, მამა დოროთემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სამშაბათს დაბარებულია საეპარქიო კომისიაზე.

"ჩვენი ხელისუფლებისგან არის გაცემული ბრძანება ჩემი განეიტრალების, რასაც საპატრიარქოს ჯგუფი აპირებს, რა თქმა უნდა, და დაბარებული ვარ ისევ სამშაბათს, 14:00 საათზე მათ მიერ."


"საზოგადოებისთვის თვალხილული და ცნობილია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიას მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მისი ძალები შესაძლებელს ხდის, ეკლესია მართოს ნიუანსურად, ან შემოგვთავაზოს კომპლექსური სოციო-პოლიტიკური მიმოხილვა.

ამას ადასტურებს ისიც, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა, რომლის მოწვევის ვალდებულებასაც ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება წელიწადში მინიმუმ ორჯერ ავალებს ამავე სინოდის თავმჯდომარეს, ანუ კათოლიკოს-პატრიარქ ილიას, დიდი ხანია არ მოწვეულა. გონივრული ვარაუდით, სწორედ იმიტომ, რომ კათალიკოზი ვერ ახერხებს სხდომის გაძღოლას.

ასევე, ცნობილი და საპატრიარქოს მიერვე დადასტურებულია, რომ კვლავ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საქართველოს საპატრიარქოს ერთმა ფრთამ (შორენა თეთრუაშვილი) დაამონტაჟა ილია მეორის საახალწლო მილოცვა, რასაც მეორე ფრთის (შიო მუჯირი) კრიტიკა მოჰყვა. პატრიარქის ახალ ვიდეოს წინა წლის აუდიო გადაადეს, რაც გონივრული ვარაუდით მოხდა სწორედ იმის გამო, რომ მისი უწმიდესობა ვერ ახერხებს სათანადო ვერბალიზებას.

ამ და სხვა ფაქტების გათვალისწინებით, ტაბულა მკითხველის უკეთ ინფორმირების მიზნით, საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებებს, რომელიც არ არის წარმოთქმული უშუალოდ კათალიკოზ ილიას მიერ (და არ არის დამონტაჟებული) განიხილავს როგორც საპატრიარქოს ერთი ან ორი ფრთის კერძო მოსაზრებად, იმის მიხედვით, ვრცელდება ის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდზე, საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე თუ ორივეზე". - ტაბულას მთავარი რედაქტორი, ლევან სუთიძე.

კომენტარები