გამოცემა Reuters-ს საკითხზე ინფორმირებულმა რამდენიმე წყარომ დაუდასტურა, რომ აშშ ვენესუელური ნავთობის გადამტანი სხვა ტანკერების დაკავებას აპირებს მას შემდეგ, რაც ამ კვირაში აშშ-მ კარიბის ზღვაში ნავთობის გადამტანი ერთი ტანკერი, სახელად Skipper, უკვე დააკავა.
წყაროების თქმით, აშშ სხვა გემების დაკავებასაც გეგმავს, მათ შორის, ისეთების, რომლებსაც წარსულში ირანისა და სხვა სანქცირებული ქვეყნების ნავთობი გადაჰქონდათ.
Reuters-ის ცნობით, Skipper-ის დაკავებამ ვენესუელის ნავთობის საერთაშორისო გადაზიდვები საფრთხის ქვეშ დააყენა და რამდენიმე გადამზიდი კომპანია უკვე აიძულა, დაგეგმილი რეისები დროებით შეეჩერებინათ. მათ შორის გაჩერდა აზიისკენ მიმავალი სამი ახლად დატვირთული ტანკერიც.
წყაროები Reuters-ს ეუბნებიან, რომ ტანკერი Skipper-ის დაკავებისა და შემდეგ სხვა ტანკერების შეჩერების შედეგად ვენესუელამ უკვე საექსპორტო ნავთობის 6 მილიონი ბარელის დროულად გაყიდვა ვერ შეძლო.
მანამდე აშშ-მ ვენესუელის სანაპიროსთან სანქცირებული ნავთობის ტანკერი დააკავა, რომელიც ვენესუელიდან ირანში სანქცირებული ნავთობის გადასატანად გამოიყენებოდა.
აშშ-ს ქმედების პასუხად ვენესუელის მთავრობამ ამერიკა "ცალსახა ქურდობაში" დაადანაშაულა და ტანკერის დაკავებას "საერთაშორისო მეკობრეობის აქტი" უწოდა.
თეთრი სახლის განცხადებით, დაკავებული ტანკერი ამერიკის პორტში გადაჰყავთ, სადაც მისი ტვირთის ჩამორთმევა ოფიციალური სამართლებრივი წესით მოხდება.
პარალელურად, 11 დეკემბერს აშშ-მ ვენესუელის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც შეზღუდვები დაუწესდა ნიკოლას მადუროს ცოლის სამ დისშვილს და ასევე მათთან დაკავშირებულ ექვს ნავთობტანკერსა და გადაზიდვის კომპანიებს.
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, სანქციები შეეხო ექვს გადაზიდვის კომპანიას, რომლებსაც ვენესუელური ნავთობი გადაჰქონდათ და ასევე ნედლი ნავთობის ექვს ტანკერს, რომლებიც "ჩართულნი არიან მატყუარა და სახიფათო გადაზიდვების პრაქტიკაში და აგრძელებენ ფინანსური რესურსების მიწოდებას, რაც მადუროს კორუმპირებულ ნარკოტერორისტულ რეჟიმს ასაზრდოებს."
სანქციები შეეხო ვენესუელის პირველი ლედის, სილია ფლორესის, დისშვილებსაც - ფრანკი და ეფრაინ ანტონიო კამპო ფლორესებს - რომლებიც 2015 წელს ჰაიტიში აშშ-ს სპეცოპერაციის ფარგლებში დააკავეს.





