რუტე: რუსეთის შემდეგი სამიზნე ჩვენ ვართ და უკვე საფრთხის ქვეშ ვართ

NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე
Agencja Wyborcza.pl / REUTERS

NATO-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს თქმით, რუსეთის შემდეგი სამიზნე ჩრდილოატლანტიკური ალიანსია და ამიტომ NATO-მ ერთიანობა უნდა შეინარჩუნოს, რათა ომი მის დაწყებამდე შეაჩეროს. ამის შესახებ მან ბერლინში სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.

ამასთან, რუტეს თქმით, რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ NATO-ს შეუძლია და აუცილებლად გასცემს ძლიერ პასუხს.

"მე დღეს უნდა გითხრათ, სად დგას NATO და რა უნდა გავაკეთოთ, რათა ომი მის დაწყებამდე შევაჩეროთ. ამის გასაკეთებლად კი საფრთხის შესახებ ნათელი წარმოდგენა უნდა გვქონდეს: რუსეთის შემდეგი სამიზნე ჩვენ ვართ და ჩვენ უკვე საფრთხის ქვეშ ვართ". - თქვა რუტემ.

ამავდროულად, ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ უკრაინის უსაფრთხოება მჭიდროდ არის დაკავშირებული ევროპის უსაფრთხოებასთან.

"უკრაინა რუსეთის საოკუპაციო ჩექმის ქვეშაა, პუტინის ძალები ზეწოლას ახდნენ NATO-ს უფრო გრძელ საზღვრებზე, რაც საგრძნობლად ზრდის ჩვენზე შეიარაღებული თავდასხმის საფრთხეს. ეს ნამდვილად საჭიროებს გიგანტურ ცვლილებებს შეკავებისა და თავდაცვის სისტემაში. ალიანსს მოუწევს, მნიშვნელოვნად გაზარდოს სამხედრო წარმომადგენლობა აღმოსავლეთ ფლანგზე, ხოლო მოკავშირეებს მოუწევთ, უფრო სწრაფად და ეფექტურად გაზარდონ სამხედრო ხარჯები

რუსეთის პროვოკაციებზე NATO-ს პასუხი იყო მშვიდი, შემართული და პროპორციული, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად შემდგომი ესკალაციისა და კონფრონტაციისთვის. ჩვენი უცვლელი ერთგულება ალიანსის მეხუთე მუხლისადმი, რომლის მიხედვითაც, NATO-ს ერთ წევრზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმას ნიშნავს, წარმოადგენს ძლიერ გზავნილს. ნებისმიერმა აგრესორმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ შეგვიძლია და ხისტად გავცემთ პასუხს". - თქვა რუტემ.

კომენტარები