9 დეკემბერს ნორვეგიაში გამართული "ჰოლდბერგის პრიზის" ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით მიმდინარე ბოლო მოვლენები მიმოიხილა და ევროპის მიდგომა გააკრიტიკა.
"უშუალოდ რა ტიპის ზეწოლას ვახდენთ ახლა ვლადიმირ პუტინზე? რა სიგნალს იღებს ის მოლაპარაკებების მონაწილეებისგან? ცეცხლის შეწყვეტა თუ არა… გავდივართ? ცეცხლის შეწყვეტა თუ არა და უკრაინელებს ვტოვებთ?" - თქვა ჯონსონმა.
"ომის დასრულების ერთადერთი შანსი პუტინზე ზეწოლის გაძლიერებაა. ჩემი მთავარი გზავნილი ასეთია: უსარგებლოა ჩვენი მხრიდან მხოლოდ ამერიკელების დადანაშაულება, როცა ევროპა ისევ ყიდულობს რუსულ გაზს და თვეში დაახლოებით მილიარდ დოლარს პუტინის სამხედრო მანქანას უგზავნის და უსარგებლოა ამ ლამაზ ქალაქ ბერგენში ჯდომა და პარასკევს გამოქვეყნებულ დოკუმენტზე მოთქმა მაშინ, როდესაც აშშ-ს მოქალაქის წლიური გადასახადიდან 3000 დოლარი მიდის თავდაცვის ხარჯებში, ევროპის მოქალაქის გადასახადიდან კი ეს მხოლოდ 900 დოლარამდე გამოდის," აღნიშნა ბორის ჯონსონმა სიტყვით გამოსვლისას.
სიტყვით გამოსვლისას ჯონსონმა ასევე ხაზი გაუსვა უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენების მნიშვნელობასაც.
"ამერიკელებმა ეს განსხვავება შენიშნეს. მათ დაინახეს, რომ ამერიკელი მოქალაქე უკრაინის თავდაცვისთვის გაცილებით მეტ თანხას ხარჯავს, ვიდრე - ევროპელი. 4 წელი ამაზე საუბრის შემდეგ, რატომ არ შეგვიძლია პუტინის ევროპულ ბანკებში გაყინული თანხა უკრაინის დახმარებისთვის გამოვიყენოთ? ეს მილიარდები უკრაინელი სამხედროებისთვის დიდი დახმარება და პუტინისთვის მკაფიო გზავნილი იქნება, რომ ჩვენ ომის დასრულებას სერიოზულად ვუყურებთ. რატომ არ ვაკეთებთ ამას?" - დაამატა მან.
"უამრავი ტანჯვის თავიდან არიდება და უამრავი სიცოცხლის გადარჩენა შეგვიძლია, თუ ჩვენ მშვიდობას დავამყარებთ. მშვიდობის დამყარების ერთადერთი გზა კი ისაა, რომ დასავლეთი გაერთიანდეს და ზეწოლა არა მსხვერპლზე, არამედ აგრესორზე გააძლიეროს," თქვა გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა.





