X-ი ილონ მასკის ხელმძღვანელობით

მასკმა ევროკავშირის გაუქმება მოითხოვა პლატფორმა X-ის €120 მილიონით დაჯარიმების შემდეგ

ილონ მასკი
Bloomberg/Getty Image

ამერიკელმა მილიარდერმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა ევროკავშირის გაუქმება მოითხოვა მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ მისი სოციალური მედიის პლატფორმა X 120 მილიონი ევროთი დააჯარიმა ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტის (DSA) დარღვევისთვის.

გამოძიებამ დაადგინა, რომ X-მა მისი სარეკლამო ბიბლიოთეკის გამჭვირვალობა არ უზრუნველყო, შეცდომაში შემყვანი "ლურჯი მონიშვნის“ სისტემა შექმნა და მკვლევრებს საჯარო მონაცემებზე წვდომა არ მისცა.

ეს პირველი მნიშვნელოვანი სანქციაა ევროკავშირის ახალი კანონმდებლობის ფარგლებში, რომელიც ონლაინ პლატფორმებს უკანონო და საზიანო კონტენტის წინააღმდეგ ბრძოლას ავალდებულებს.

X-ის დაჯარიმების შემდეგ მასკმა პლატფორმაზე ევროკავშირის კრიტიკა გააძლიერა და დაწერა, რომ ბლოკი "უნდა გაუქმდეს და სუვერენიტეტი ინდივიდუალურ ქვეყნებს დაუბრუნდეს, რათა მთავრობებმა უკეთ წარმოადგინონ თავიანთი ხალხი."

პარალელურად, ევროკომისიის მხრიდან ჯარიმის გამოცხადების შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ და ფედერალური კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, ბრენდან კარმა განაცხადეს, რომ EU ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებს მიზანმიმართულად ავიწროებს და მათ სიტყვის თავისუფლებას უზღუდავს.

"ევროკომისიის $140-მილიონიანი ჯარიმა თავდასხმაა არა მხოლოდ X-ზე, არამედ ყველა ამერიკულ ტექპლატფორმასა და ამერიკელ ხალხზე უცხოური მთავრობების მხრიდან. ონლაინ სივრცეში ამერიკელების ცენზურის დღეები დასრულდა." - დაწერა რუბიომ X-ზე.

თავის მხრივ, ევროკომისიის ტექნოლოგიების მიმართულების ხელმძღვანელმა ჰენა ვირკუნენმა თქვა, რომ ჯარიმა დარღვევების პროპორციულია და ცენზურას არ უკავშირდება. "EU-ს მიზანი ციფრული კანონების აღსრულება და მომხმარებლების დაცვაა," აღნიშნა მან და დაამატა, რომ მომავალში მსგავსი საქმეები უფრო სწრაფად დასრულდება.

კომენტარები