გამოცემა Associated Press-ის ცნობით, ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ 30 აგვისტოს ქვეყანაში პლატფორმა X-ის მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა ბრაზილიაში იურიდიულ წარმომადგენლად არავინ დაასახელა.
მოსამართლემ, ალექსანდრე დე მორაესმა, მასკი 28 აგვისტოს გააფრთხილა, რომ ხსენებული პირობის არ შესრულების შემთხვევაში, X-ი ბრაზილიაში აიკრძალებოდა, რის შემდეგაც მორაესმა 24-საათიანი ვადა დააწესა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ინტერნეტის პროვაიდერებსა და აპლიკაციების მაღაზიებს 5 დღე აქვთ, რათა X-ზე წვდომა შეზღუდონ, ხოლო შეზღუდვა მაშინ მოიხსნება, როდესაც პლატფორმა სასამართლოს ბრძანებას დაემორჩილება. მოსამართლემ ასევე განაცხადა, რომ პირები ან კომპანიები, რომლებიც ვირტუალური კერძო ქსელების (VPN) მეშვეობით X-ზე წვდომას დაამყარებენ, დღეში დაახლოებით $8 900-ის ოდენობით დაჯარიმდებიან.
მანამდე, 17 აგვისტოს, X-ის მფლობელმა, ილონ მასკმა, განაცხადა, რომ კომპანია "ცენზურის ბრძანებების" გამო ბრაზილიაში მუშაობას წყვეტს, მაგრამ სოციალური ქსელი ბრაზილიის მოსახლეობისთვის კვლავ ხელმისაწვდომი იქნება.
კომპანიის თქმით, ბრაზილიის ერთ-ერთი უზენაესი მოსამართლე, ალექსანდრე დე მორაესი X-ის ერთ-ერთ იურიდიულ წარმომადგენელს საიდუმლოდ დაემუქრა და უთხრა, რომ დააპატიმრებდნენ, თუ კომპანია ბრძანებას არ დაემორჩილებოდა და პლატფორმიდან გარკვეულ შიგთავსს არ აიღებდა.
"ბრაზილიაში "მოსამართლე" ალექსანრე დე მორაესის წარდგენილი მოთხოვნების გამო, რომლებიც გვაიძულებდა, რომ დაგვერღვია (საიდუმლოდ) ბრაზილიური, არგენტინული, ამერიკული და საერთაშორისო სამართალი, X-ს ბრაზილიაში ადგილობრივი მუშაობის შეწყვეტის გარდა სხვა არჩევანი აღარ რჩება. ის სამართლის აბსოლუტური სირცხვილია". - დაწერა მასკმა X-ზე.
მანამდე, წლის დასაწყისში, მორაესმა სიძულვილის შემცველი შიგთავსისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამოძიების ფარგლებში X-ს გარკვეული ანგარიშების შეზღუდვა მოსთხოვა. თუმცა, მასკმა მორაესის გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურად მოიხსენია და თქვა, რომ შეზღუდულ ანგარიშებს აღადგენდნენ.





