X-ი ილონ მასკის ხელმძღვანელობით

იუთუბერი MrBeast-ის ვიდეომ X-ზე $263 000 გამოიმუშავა, რასაც იგი 10 პირზე გაათამაშებს

იუთუბერი MrBeast-ი
Getty Images

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იუთუბერის MrBeast-ის თქმით, მის მიერ სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) გამოქვეყნებულმა ვიდეომ მეოთხედი მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

MrBeast-მა, რომლის ნამდვილი სახელიც ჯიმი დონალდსონია, ამის შესახებ X-ზე დაწერა.

"X-ის ჩემმა პირველმა ვიდეომ $250 000-ზე მეტი გამოიმუშავა!". - წერს ის, მაგრამ ამატებს, რომ "ეს ოდნავ ფასადურია. რეკლამის დამკვეთებმა დაინახეს, თუ რა ყურადღებას იპყრობდა და (ვფიქრობ) ჩემს ვიდეოზე რეკლამები იყიდეს, შესაბამისად, ყოველ ნახვაზე ჩემი შემოსავალი ალბათ უფრო მეტია, ვიდრე რაც თქვენ გამოგიცდიათ".

დეკემბრის ბოლოს MrBeast-ს X-ზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა შესთავაზა, რომ თავისი ვიდეოები X-ის პლატფორმაზეც აეტვირთა, რაც ამერიკელმა ბიზნესმენმა და X-ის მფლობელმა ილონ მასკმაც მოიწონა. MrBeast-ი მასკს გამოეხმაურა და თქვა, რომ მისი ვიდეოების შექმნა მილიონები ჯდება და X-ზე მილიარდი ნახვაც რომ დააგროვონ, შემოსავალი დანახარჯის ნაწილსაც ვერ დაფარავს. თუმცა, მან სამომავლოდ X-ზე ვიდეოების ატვირთვის მოსასინჯად მზადყოფნა გამოხატა. 

16 იანვარს MrBeast-მა სოციალურ ქსელზე მონაცემების შეგროვების მიზნით X-ის საკუთარ გვერდზე პირველი ვიდეო ატვირთა, რომელიც მანამდე, წინა წლის სექტემბერში, Youtube-ზე იყო გამოქვეყნებული. ვიდეომ რამდენიმე დღეში 161.9 მილიონი ნახვა დააგროვა და 22 იანვრისთვის ვიდეოდან შემოსული თანხა $263 655-ს შეადგენდა.

Youtube-ზე გამოქვეყნებულ ამავე ვიდეოს 216 მილიონი ნახვა აქვს, თუმცა, X-ი და Youtube-ი ვიდეო ნახვებს განსხვავებულად ზომავენ. Youtube-ზე ერთ "ნახვად" მომხმარებლის მიერ ვიდეოს 30 წამზე მეტხანს ყურება ითვლება, ხოლო X-ზე ვიდეოს 2-წამზე მეტხანს ყურება საკმარისია, რათა ვიდეოს "ნახვა" მოემატოს.

მოგვიანებით MrBeast-მა დაწერა, რომ ვიდეოდან შემოსულ თანხას შემთხვევითი შერჩევით 10 ადამიანს გადაუნაწილებს. ამისთვის, მომხმარებელს მისი გვერდი გამოწერილი უნდა ჰქონდეს, პოსტი კი - გაზიარებული. მისი თქმით, 10 გამარჯვებულს, რომელთაგანაც თითოეული $25 000 დოლარს მიიღებს, 72 საათში გამოაცხადებს.

MrBeast-ი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი იუთუბერია. მის არხს 234 მილიონი გამომწერი ჰყავს.

კომენტარები