ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე BBC-ს გამოძიებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. დარახველიძე ამბობს, რომ გასულ წელს, პოლიციამ აქციების დარბევის დროს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები გამოიყენა.
"სუს-მა დეტალური და სრულყოფილი გამოძიება ჩაატარა, რომლითაც ყველა კითხვას, რაც BBC-ს ფილმში დასმული იყო, პასუხები გაეცა. პოლიცია სპეციალურ საშუალებებს მაშინ იყენებს, როცა ადგილი აქვს მასობრივ არეულობას, პოლიციასა და სახელმწიფო უწყებებზე მასიურ თავდასხმას. გასული წლის მოვლენების დროს ვნახეთ, რომ ადგილი ჰქონდა სახელმწიფო გადატრიალებისა და პარლამენტის გადაწვის მცდელობას, შესაბამისად, პოლიციამ კანონის შესაბამისად იმოქმედა და ყველა ის სპეციალური საშუალება გამოიყენა, რაც კანონითაა გათვალისწინებული - რასაც ყველა თანამედროვე, ევროპული პოლიცია იყენებს. კონკრეტულ ნივთიერებას რაც შეეხება - სუს-მა დეტალური ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელშიც შეგიძლიათ, ინფორმაციას გაეცნოთ ყველა იმ ნივთიერების შესახებ, რაც მიუთითეს". - თქვა დარახველიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ საჯაროვდება დოკუმენტი ტრიქლორეთილენის შესყიდვასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, დარახველიძემ უპასუხა, რომ ამაზე პასუხი სუს-ის გამოძიებამ გასცა.
"გამოძიებამ ამოიღო ყველა ის დოკუმენტი, რაც დაკავშირებულია დასახელებული ნივთიერების შესყიდვასა და მის დახარჯვასთან. სუს-მა დეტალური ინფორმაცია გაავრცელა იმ ნივთიერების შესახებ, რომელიც 2007 და 2009 წლებში შეიძინეს და ფლობდა გდდ. ასე რომ, აქ კითხვები აღარაა". - თქვა დარახველიძემ.
2025 წლის პირველ დეკემბერს BBC-მ საქართველოში აქციების დარბევასთან დაკავშირებით სტატია და დოკუმენტური ფილმი გამოაქვეყნა. გამოცემა მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად, შესაძლოა, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
BBC-ის მიხედვით, ისინი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმიდან ინფორმატორებსა და ექიმებს ესაუბრნენ და აღმოაჩინეს მტკიცებულებები, რომელიც "ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე მიანიშნებს, რომელსაც საფრანგეთის არმიამ "კამიტი" უწოდა."





