Warner Bros-მა განაცხადა, რომ Netflix მის სტრიმინგ სერვისებსა და სტუდიურ აქტივებს $83 მილიარდად შეიძენს. შეთანხმება, რომელიც ფედერალური მარეგულირებლის დამტკიცებას ელოდება, მსოფლიოში უდიდეს სტრიმინგ პლატფორმას 102-წლიანი ისტორიის მქონე კინოსტუდიასთან აერთიანებს.
შეთანხმების პირობების თანახმად, Netflix ანგარიშსწორების ნაწილს 59-მილიარდიანი საკრედიტო ხაზით ფარავს.
Warner Bros.-ის კატალოგი, HBO-სა და HBO Max-ის გარდა, ასევე მოიცავს "ჰარი პოტერის", DC Comics-ისა და "სამეფო კარის თამაშების" ფრანჩაიზებს.
არსებული ინფორმაციით, განცხადების გავრცელებამდე Netflix-მა შემოქმედებითი საზოგადოების დარწმუნება სცადა, რომ Warner-ის ფილმების გამოშვება გაგრძელდებოდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, კინორეჟისორები სკეპტიკურად უყურებენ Netflix-ის ბიზნეს მოდელს, რომელიც პრიორიტეტს სტრიმინგ პლატფორმას ანიჭებს.
NBC News აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდის ცუდი ფინანსური მდგომარეობისა და სტრიმინგის ზრდის პირობებში, Netflix-თან შერწყმა Warner Bros.-ს ფინანსურ სტაბილურობას შესძენს, ხოლო Netflix-ისთვის ეს ნაბიჯი გლობალურ ბაზარზე უმნიშვნელოვანესი უპირატესობის მომტანი იქნება.





