Netflix

რა იქნება შემდეგ? – NETFLIX დიდი ცვლილებებისთვის ემზადება

TechSpot

უმსხვილესი ამერიკული სტრიმინგის სერვისი გასული 10 წლის განმავლობაში ყველაზე რთულ პერიოდს გადის. 2022 წლის აპრილში კომპანიამ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც Netflix-მა 200 000 გამომწერი დაკარგა.

დაღმასვლას რამდენიმე მიზეზი აქვს. ბაზარზე გაიზარდა კონკურენცია, რადგან ყველა მსხვილმა სტუდიამ შექმნა საკუთარი სტრიმინგის სერვისი. Netflix გავიდა რუსული ბაზრიდან, სადაც სტრიმინგებს შორის პოპულარობით მეხუთე ადგილზე იყო. კომპანია ასევე კარგავს შემოსავალს პაროლების გაცვლის გამო(როდესაც ერთ ანგარიშს ბევრი ადამიანი იყენებს).

ივლისის ბოლოს Netflix მეორე კვარტლის მონაცემებს გამოაქვეყნებს, სპეციალისტების ვარაუდით გამომწერთა რაოდენობა შესაძლოა კიდევ 2 მილიონით შემცირდეს. რას გეგმავს ამერიკის მთავარი სტრიმინგის სერვისი მომავალში?

თანამშრომლების შემცირება

აპრილში მონაცემების გამოქვეყნებისთანავე კომპანიაში თანამშრომლების შემცირება დაიწყო. მარკეტინგის გუნდიდან 25 ადამიანი გაათავისუფლეს(სულ დეპარტამენტში 500-დე ადამიანი მუშაობს). მაისში Netflix-დან დაითხოვეს 150 თანამშრომელი, ასევე 70 ადამიანი, რომელიც ანიმაციური პროდუქციის დეველოპმენტში იყო ჩართული. ივნისში კომპანიის ამერიკული ოფისიდან კიდევ 300 ადამიანი დაითხოვეს. ყოფილი თანამშრომლების ნაწილის თქმით შემცირება შეეხო მრავალ ადამიანს, რომელიც ეთნიკური, სექსუალური, რელიგიური და სხვა  უმცირესობების რეპრეზენტაციის მიმართულებით მუშაობდა. ახლო მომავალში Netflix-ს შემცირებები დიდი ალბათობით კვლავ მოუწევს, ვინაიდან კომპანიის საბაზრო ღირებულება 70%-ით შემცირდა.

რეკლამა

სტრიმინგის ხელმძღვანელმა, ტედ სარანდოსმა კანის სარეკლამო ინდუსტრიის ფესტივალზე დაადასტურა, რომ Netflix-ს Youtube-ის მსგავსად სარეკლამო რგოლები დაემატება. სარეკლამო ჭრები სტრიმინგზე 2022 წლის ბოლოს გამოჩნდება. ამის გამო შესაძლოა გაჩნდეს კიდევ უფრო დაბალფასიანი პაკეტებიც, ამ დროისთვის მინიმალური გადასახადი 9.99 დოლარს შეადგენს. 

Netflix განათავსებს ისეთი მსხვილი კომპანიების რეკლამას, როგორებიც არის Comcast, Google, Magnite. იქნება რეკლამა ვიდეოს თავში, ბოლოში თუ შუაში ამ ეტაპზე უცნობია. 

სპეციალისტების ვარაუდით 2025 წლისთვის რეკლამა სტრიმინგის სერვისს 1 მილიარდ დოლარს მოუტანს. 

სარელიზო მოდელის შესაძლო ცვლილება

დიდი ალბათობით ახლო მომავალში Netflix სხვა პლატფორმების მსგავსად სერიალების ახალ სერიებს გარკვეული პაუზებით გამოაქვეყნებს. 

"ნეტფლიქსის მოდელი, როდესაც შოუს სეზონი გამოდის მთლიანად და არა სერიებად კომფორტულია მომხმარებლისთვის, მაგრამ მსგავსი რელიზებისთვის აუცილებელია დიდი კატალოგი. კონკურენტი სერვისები, როგორებიც არიან Disney+, HBO და Hulu ცალკეული სერიების გამოშვებით კვირების განმავლობაში ახერხებენ მაყურებლის ტელევიზორებთან შენარჩუნებას, Netflix-ის გამომწერები კი სრული სეზონი ნახვის შემდეგ ხშირად აუქმებენ პაკეტს და შემდეგ სეზონს ელოდებიან, რომელიც 1 ან 2 წელიწადში გამოდის". - ამბობს ნიკ სისერო, კომპანია Conviva-ს ვიცე-პრეზიდენტი, მონაცემების ანალიზის წამყვანი სპეციალისტი.

ასევე ბაზარზე პოზიციის შესანარჩუნებლად აუცილებელია Netflix-მა შექმნას მაღალი დონის ორიგინალური კონტენტი. ამ მიმართულებით კომპანიამ მუშაობა უკვე დაიწყო, კონტრაქტები გაფორმდა ცნობილ შოურანერებთან შონდა რაიმსთან და რაიან მერფისთან.

აზია

Netflix მომხმარებლებს კარგავს ევროპის, ამერიკისა და კანადის ტერიტორიაზე, თუმცა მატება აქვს აზიურ ქვეყნებში. კომპანია სულ უფრო მეტ ფულს ხარჯავს აზიური ქვეყნების პროდუქტის შექმნაზე და გაპიარებაზე. Squid Game-ის წარმატების შემდეგ აზიური კონტენტი სხვა რეგიონებისთვისაც საინტერესო და სასურველი გახდა. ამაზე მეტყველებს პოპულარული ესპანური სერიალის ქაღალდის სახლის სამხრეთკორეული რიმეიქი.

სხვა ცვლილებები

Netflix კიდევ რამდენიმე მიმართულებას ავითარებს, რომელიც კონკურენტ სტრიმინგებზე ჯერ არ გამოჩენილა: 

კომპიუტერული თამაშები – Netflix-მა უკვე შექმნა არაერთი კომპიუტერული თამაში, რომელთა თამაში აპლიკაციაშია შესაძლებელი. ამ დროისთვის სტრიმინგის სერვისზე 23 სხვადასხვა ტიპის თამაშია ხელმისაწვდომი.

VR - კომპანია აქტიურად ხარჯავს ფულს VR-ის(ვირტუალური რეალობა) განვითარებაში. სტრიმინგზე წარმოდგენილი არაერთი პროექტის ნახვა VR სათვალით უკვე შესაძლებელი.

ინტერაქციული კონტენტი - 2018 წელს Black Mirror-ის ერთ-ერთ ეპიზოდი Bandersnatch ინტერაქციულ ფორმატში გამოვიდა. მაყურებელი გარკვეული სცენების შინაარსობრივ გაგრძელებას თავად ირჩევდა. პროექტის წარმატების ფონზე Netflix მომავალში ოცამდე ახალი, ინტერაქციული ფილმის/შოუს გადაღებას გეგმავს.

კომენტარები