ლევან ხაბეიშვილის დაკავება

ცალსახაა პოლიტიკური დაკვეთა - ადვოკატი ხაბეიშვილის პატიმრობაზე

ლევან ხაბეიშვილის ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი ამბობს, რომ ხაბეიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა პოლიტიკური დაკვეთაა.

"ლევანთან მიმართებით ცალსახაა პოლიტიკური დაკვეთა [...] 10 სექტემბერს დაიწერა პატაკი, გამოძიება დაიწყეს და გდდ-ის 3 შეურაცხყოფილი თანამშრომელი იპოვეს. მინდა, მათ მივმართო: ისინი თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ მომავალი ბიუჯეტის სახსრებიდან ლევანის მიერ პრემიის მიცემაზე და თავს შეურაცხყოფილად არ გრძნობენ, როცა 1 000-ობით ადამიანს თავ-პირს ულეწავენ და შემდეგ, ადამიანებს პრემიებს ამისთვის აძლევენ? [...]

საქმეში ერთი ფურცელი, სიტყვა, პატაკიც კი არ დევს, რომელიც ლევანის საჯარო განცხადებებისა და ინტერვიუების გარდა რაიმეს ეხება [...] გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ". - თქვა კონდახიშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

დღეს, 13 სექტემბერს, ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა მიიღო.

ლევან ხაბეიშვილი 11 სექტემბერს დააკავეს. პროკურატურა მას უკანონო ქმედების განხორციელების სანაცვლოდ, მოხელეებისთვის ქრთამის დაპირებასა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავება.

კომენტარები