პატრიარქის ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ალან პერსელს შეხვდა.
საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა, მეუფე შიომ ისაუბრა ქრისტიანობის მნიშვნელობაზე საქართველოსა და ქართველი ხალხისათვის, "აღნიშნა, რომ მომავალ წელს გვაქვს საიუბილეო თარიღი - ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავი და იმედი გამოთქვა, რომ საელჩოც მიიღებს საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას".
"ა.წ. 2 დეკემბერს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ბ-ნი ალან პერსელი მიიღო თანმხლებ პირებთან ერთად.
შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა და ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე დეკანოზი არჩილ ხაჩიძე.
მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ისაუბრა ქრისტიანობის მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნისა და ხალხისათვის, აღნიშნა, რომ მომავალ წელს გვაქვს საიუბილეო თარიღი - ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავი და იმედი გამოთქვა, რომ საელჩოც მიიღებს საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას.
მღვდელმთავრებმა ბ-ნ ალან პერსელთან საუბარში დააფიქსირეს ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა - დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა და მადლობა გადაუხადეს ამერიკის შეერთებულ შტატებს არაღიარების პოლიტიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ბ-ნმა ალან პერსელმა მღვდელმთავრებს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა". - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, 3 ოქტომბერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ ღირებულებითი განათლების პროგრამის მონაწილე სასულიერო პირებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიებაზე თქვა, რომ ძალიან დიდი წყვეტის შემდეგ, მოამზადეს პროგრამა, რათა "სასკოლო პროცესში შესაძლებელი ყოფილიყო საღვთო სიტყვის სასულიერო პირის მიერ შეტანა და ქადაგება".





