საქართველოს საპატრიარქო

ჯაღმაიძე: მოვამზადეთ პროგრამა, რომ სკოლებში შესაძლებელი იყოს სასულიერო პირის მიერ ქადაგება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ ღირებულებითი განათლების პროგრამის მონაწილე სასულიერო პირებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიებაზე თქვა, რომ ძალიან დიდი წყვეტის შემდეგ, მოამზადეს პროგრამა, რათა "სასკოლო პროცესში შესაძლებელი ყოფილიყო საღვთო სიტყვის სასულიერო პირის მიერ შეტანა და ქადაგება".

"ჩვენ ყველანი კარგად ვიაზრებთ, რომ ქრისტიანობა იმდენად ბევრ რამეს შეიცავს თავის თავში, იმდენად ძლიერი სიტყვაა, რომ საუკუნეების მანძილზე არ დარჩა არც ერთი სფერო, სადაც ქრისტიანული სიტყვა არ იყოს გაზავებული, კულტურა იქნება ეს, ხელოვნება, თუ მეცნიერება. დღევანდელ დღეს, თუნდაც ურწმუნო ადამიანი, კულტურულად რომ ჩაითვალოს, საფუძვლები უნდა იცოდეს ქრისტიანული მოძღვრებისა, ქრისტიანული კულტურისა. ჩვენ ძალიან დიდი წყვეტის შემდეგ შევძელით, მოგვემზადებინა პროგრამა და მოვმზადებულიყავით თავად, რათა სასკოლო პროცესში შესაძლებელი ყოფილიყო საღვთო სიტყვის სასულიერო პირის მიერ შეტანა და ქადაგება.

ამას წინ უძღოდა ძალიან ბევრი ფიქრი, რა სახით უნდა გაკეთებულიყო ეს, ძალიან ბევრი ექსპერიმენტი, რა იყო უფრო მოსახერხებელი, რათა მიგვეწოდებინა თანამედროვე ადამიანისთვის ისეთი ფორმით, რომ ეს არ ყოფილიყო არც მოსაბეზრებელი, არც ძნელად მოსასმენი, ყოფილიყო ზომიერი. მთავარი, რაც არის, ყოფილიყო ორიენტირებული გემოვნების ჩამოყალიბებაზე, რომ ადამიანს შეეძლოს ცხოვრებისეულ სიტუაციაში, ლიტერატურაში, ხელოვნებაში, კინემატოგრაფიაში, ამოიცნოს ის ფასეულობები, რომლებიც გაბნეულია და რომელიც ავტორის მიერ გადმოცემულია სხვადასხვა ხერხით. გამზადებული ასეთი ინსტრუქცია არ არსებობდა და მხოლოდ გულითადი შრომა, მხოლოდ მამობრივი მზრუნველობა ჩვენს შვილებზე განაპირობებს იმას, რომ ამ მიმართულებით გვაქვს შედეგი". - თქვა ჯაღმაიძემ.

კომენტარები