ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პოლონეთის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში სამუშაო ვიზებს გამარტივებული წესით ვეღარ მიიღებენ. პაპუაშვილი ამბობს, რომ პირველ რიგში, ამას ცუდი გავლენა პოლონეთის ეკონომიკაზე ექნება.
"ის, რომ პოლონეთის მთავრობა საკუთარ მიგრაციის პოლიტიკას ერთი ან მეორე მიმართულებით ამკაცრებს, ქართული ოცნება რა შუაშია? მიგრაციის პოლიტიკა ჩვენც საკმაოდ მკაცრი გვაქვს და ვერც ჩვენთან ჩამოვა პოლონელი ასე ადვილად სამუშაოდ [...]
ეს პოლონეთის მიგრაციის პოლიტიკის ნაწილია. იქ საქართველოდან სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა დიდი იყო და შეხედეს იმ ქვეყნებს, საიდანაც დიდია და უფრო მკაცრი რეგულაციები შემოიღეს. უპირველეს ყოვლისა, ამას პოლონეთზე ექნება ცუდი ეკონომიკური გავლენა, ვინაიდან, რადგან მუშახელი იქ ჩადიოდა, ეს ნიშნავს, რომ მუშახელზე მოთხოვნა იყო. არ ვიცი, როგორ აპირებენ, რომ ეს მუშახელი დააკმაყოფილონ. საქართველოს მოქალაქეებს რაც შეეხება - ჩვენს ქვეყანაში დეფიციტია და მუშახელი გვჭირდება". - თქვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.
საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში სამუშაო ვიზებს გამარტივებული წესით ვეღარ მიიღებენ. ინფორმაციას პოლონეთის საელჩო ავრცელებს.
პოლონეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის ახალი ბრძანება განსაზღვრავს იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ ისარგებლონ პოლონეთში დასაქმების გამარტივებული "უცხოელისთვის სამუშაოს მინდობის შესახებ განცხადების" მექანიზმით.
ამ ქვეყნების ჩამონათვალიდან საქართველო ამოიღეს. ჩამონათვალში შემდეგი ქვეყნები შედიან: სომხეთი, ბელარუსი, მოლდოვა და უკრაინა.
ბრძანების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აქამდე არსებული მექანიზმის მიხედვით პოლონეთში საქმიანობენ, მათთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე მუშაობის გაგრძელება შეუძლიათ. ასევე, საქართველოს მოქალაქეების განცხადებები, რომლებიც ბრძანების გამოქვეყნებამდე იყო წარდგენილი, კვლავ აქამდე მოქმედი გამარტივებული წესით განიხილება.





