პოლონეთი-საქართველო

პოლონეთის მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს

პოლონეთის მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი - 2005 წელს დაბადებული ა.კ. დააკავეს.

9 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისში პოლონეთის 3 მოქალაქეს დაესხნენ თავს. ინფორმაცია თავდაპირველად პოლონურმა მედიამ პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სარდლობაზე დაყრდნობით გაავრცელა. მათივე ცნობით, დაზიანებები პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურის ორ თანამშრომელს აქვს მიყენებული.

შსს-მ ძალადობის ბრალდებით ორი პირი - 2004 წელს დაბადებული ს.ჯ. და წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1985 წელს დაბადებული ე.გ. გუშინ, 9 ოქტომბერს დააკავა.

"ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს პოლონეთის სამ მოქალაქეს, ხოლო ფიზიკური დაპირისპირებისას ბრალდებულმა ე.გ-მ ბლაგვი საგნის გამოყენებით ფიზიკურად იძალადა მათზე.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს" - წერს შსს.

პოლონური მედიის ცნობით, პოლონეთის სასაზღვრო დაცვის წარმომადგენელი, ანდჟეი იუჟვიაკი  ამბობს, რომ ორ მესაზღვრეზე თავდამსხმელები დანებით და რკინის ნაჭრებით იყვნენ შეიარაღებულები. დაშავებულებს ოპერაცია დასჭირდათ. 

პოლონელი ოფიცრები თბილისში ევროპის სასაზღვრო დაცვის სააგენტოს (Frontex) მისიით იმყოფებოდნენ, რომელიც პოლონეთიდან საქართველოსა და პაკისტანის რამდენიმე მოქალაქის საკუთარ სახელმწიფოში დაბრუნების ოპერაციის ნაწილი იყო.

კომენტარები