პროკურატურა პოლონეთის მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. უწყებამ მათ ბრალდება უკვე წარუდგინა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ 8 ოქტომბერს, თბილისში, ბრალდებულებმა ფიზიკურად იძალადეს პოლონეთის 4 მოქალაქეზე. აქედან ერთ-ერთმა ბრალდებულმა მეტალის საგნით თავის არეში რამდენჯერმე დარტყმით სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიაყენა 2 დაზარალებულს.
ერთ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, ჩადენილი ორი პირის მიმართ) და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად სამი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ხოლო ორ პირს 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად სამი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - წერია პროკურატურის განცხადებაში.
9 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისში პოლონეთის 3 მოქალაქეს დაესხნენ თავს. ინფორმაცია თავდაპირველად პოლონურმა მედიამ პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სარდლობაზე დაყრდნობით გაავრცელა. მათივე ცნობით, დაზიანებები პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურის ორ თანამშრომელს აქვს მიყენებული.
პოლონური მედიის ცნობით, პოლონეთის სასაზღვრო დაცვის წარმომადგენელი, ანდჟეი იუჟვიაკი ამბობს, რომ ორ მესაზღვრეზე თავდამსხმელები დანებით და რკინის ნაჭრებით იყვნენ შეიარაღებულები. დაშავებულებს ოპერაცია დასჭირდათ.
პოლონელი ოფიცრები თბილისში ევროპის სასაზღვრო დაცვის სააგენტოს (Frontex) მისიით იმყოფებოდნენ, რომელიც პოლონეთიდან საქართველოსა და პაკისტანის რამდენიმე მოქალაქის საკუთარ სახელმწიფოში დაბრუნების ოპერაციის ნაწილი იყო.





