დღეიდან თბილისის ინტერაქტიულ რუკაზე განთავსდება მუნიციპალური ინსპექციის მიერ ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების, ასევე, მშენებარე ობიექტის შეჩერების შესახებ ინფორმაცია.
უმნიშვნელოვანესია, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების საკუთრების უფლება, კეთილსინდისიერი მყიდველები და მათი უფლებები, რომლებიც უძრავი ქონების შენაძენს აკეთებენ მშენებარე თუ ახალაშენებულ ობიექტებში. ინიციატივის მიხედვით, დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა, საკადასტრო მონაცემებით, ელექტრონულად, ინტერაქტიულ რუკაზე გადაამოწმონ ინფორმაცია ინსპექციის მიერ ექსპლუატაციაში უკვე მიღებული ობიექტების შესახებ, ასევე, ინსპექციის მიერ მიმდინარე მშენებლობის შეჩერების შესახებ.
წლების წინ არსებობდა სამშენებლო კომპანიების მხრიდან დაზარალებული მოქალაქეების პრობლემა, რომლის გადასაჭრელად არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადავდგით. დაუმთავრებელი მშენებლობების პროგრამის ფარგლებში, ათასობით დაზარალებული მოქალაქე დავაკმაყოფილეთ. მშენებლობის მაღალი ხარისხის მისაღწევად და დარღვევების პრევენციისთვის, ასევე, გავამკაცრეთ სამშენებლო კონტროლი და ობიექტების ექსპლუატაციასთან დაკავშირებით მივიღეთ შესაბამისი ზომები. გატარებული ღონისძიებების შედეგად, მნიშვნელოვნად გაზრდილია სამშენებლო ობიექტების ექსპლუატაციაზე მომართვიანობა და შესაბამისად მიღების მაჩვენებელიც. აღნიშნული ინივიატივაც იქნება ერთგვარი მექანიზმი, რომ გაიზარდოს სამშენებლო კომპანიების პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება მომავალი მესაკუთრეების წინაშე, მშენებლობის პროცესში სრულყოფილად შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები და დაიცვან სანებართვო პირობები.
უძრავი ქონება თბილისში
კალაძე: მოქალაქეები თბილისში მშენებარე ობიექტებზე ინფორმაციის ონლაინ გადამოწმებას შეძლებენ





