კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით ნაადრევი დასკვნების გაკეთების წინააღმდეგ მოუწოდებს.
"დაიცადეთ. ამის თქმა ძალიან ადრეა" – ამბობს პესკოვი ნათქვამზე, რომ მხარეები ომის დასრულებასთან ასე ახლოს პირველად არიან.
25 ნოემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინისთვის გადაცემული 28-პუნქტიანი გეგმა "მხოლოდ გზამკვლევი იყო" და კიევს ამ წინადადების მისაღებად განსაზღვრული ვადა არ აქვს.
"ეს არ ყოფილა გეგმა. ეს იყო კონცეფცია. იქიდან ისინი ყველა 28 პუნქტზე ცალ-ცალკე მსჯელობენ, შემდეგ კი 22 პუნქტამდე ჩამოდიან. ბევრი მათგანი გადაწყვეტილია და ძალიან ხელსაყრელადაც კი. ასე რომ, ვნახავთ, რა მოხდება" - თქვა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
"ვადა ჩემთვის არის მაშინ, როცა ყველაფერი დასრულდება" - აღნიშნა მან.
აქამდე, ტრამპის ადმინისტრაცია იმედოვნებდა, რომ უკრაინა ამ გეგმას მადლიერების დღის დღესასწაულამდე დათანხმდებოდა.
ტრამპმა ასევე დაამატა, რომ აშშ-ს წარმომადგენლები მოსკოვთან და კიევთან საუბრებში გარკვეულ პროგრესს აღწევენ და რომ რუსეთი "ზოგიერთ დათმობაზე" დათანხმდა, თუმცა დეტალები არ გაუმხელია.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟენევაში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ თქვა, რომ აშშ-ს "28-პუნქტიან გეგმაში" აღარ არსებობს იმდენი პუნქტი, რამდენიც თავდაპირველად იყო და დაამატა, რომ ამის სანაცვლოდ სამუშაო ჩარჩოს ფარგლებში მრავალი "სწორი ელემენტის" გათვალისწინება მოხდა.
ზელენსკის თქმით, სამშვიდობო შეთანხმებისკენ გადადგმული ეს ახალი ნაბიჯები "სწორ მიდგომას" წარმოადგენს. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განმარტა, რომ "სენსიტიურ საკითხებს" პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან პირადად განიხილავს.
თავის მხრივ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ უკრაინულ მხარესთან გამართული დისკუსიების შემდეგ განაცხადა, რომ ეს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის ძალისხმევის "ყველაზე პროდუქტიული" დღე იყო და მიუთითა, რომ მხარეებმა სამშვიდობო წინადადებაში პოტენციური სადავო პუნქტები განსაზღვრეს.
მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებმა ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს, რომელშიც მოლაპარაკებები "კონსტრუქციულად" შეაფასეს. მხარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ დისკუსიების შედეგად აშშ-მ და უკრაინამ "განახლებული და დახვეწილი" დოკუმენტი შეიმუშავეს.





