ევროკავშირი

რას გულისხმობს EU-ს სასამართლოს გადაწყვეტილება ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ

მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს შენობა.
Patrick Scheiber/imago  

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ 25 ნოემბერს გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომელშიც ნათქვამია, რომ ბლოკის წევრმა ქვეყნებმა სამართლებრივად უნდა აღიარონ ერთნაირსქესიანთა წყვილის ქორწინება, რომელიც სხვა წევრ ქვეყანაში სამართლებრივად გაფორმდა. საქმე ეხება პოლონეთის ორ მოქალაქეს, რომლებმაც გერმანიაში იქორწინეს. მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს დასკვნაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი წევრი ქვეყნებისგან ერთნაირსქესიანთა ქორწინების მიღებას არ მოითხოვს.

ინფორმაცია, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა სამართლებრივად უნდა აღიარონ ერთნაირსქესიანთა წყვილის ქორწინება, უკონტექსტოდ და დამატებითი დეტალების გაავრცელა სამთავრობო ტელევიზია იმედმა.

2018 წელს გერმანიაში მცხოვრებმა პოლონეთიის მოქალაქეებმა, რომელთაგან ერთ-ერთს გერმანიის მოქალაქეობაც ჰქონდა, ბერლინში იქორწინეს. მათ პოლონეთში დაბრუნება და დაქორწინებულ წყვილად ცხოვრება გადაწყვიტეს და პოლონეთის საჯარო რეესტრში გერმანული ქორწინების სერტიფიკატის გადატანა მოითხოვეს, რათა მათი ქორწინება იქაც აღიარებული ყოფილიყო. შესაბამისმა ორგანომ მათ ამ თხოვნაზე უარი უთხრა. მიზეზად დაასახელეს ფაქტი, რომ პოლონეთის კანონმდებლობით დაშვებული არაა ერთნაირსქესიან პირთა ქორწინება და სერტიფიკატის რეესტრში გადმოტანა პოლონური სამართლებრივი წესრიგის პრინციპებთან შეუსაბამობაში იქნებოდა.

წყვილმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. პოლონეთის უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ საქმესთან დაკავშირებით ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს რჩევის გაცემა სთხოვა, რათა დაედგინათ, არის თუ არა ვალდებული EU-ს წევრი ქვეყანა, რომელიც კანონმდებლობით არ უშვებს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, აღიაროს მსგავსი ქორწინება, რომელიც სხვა წევრ ქვეყანაში შედგა.

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრესრელიზის მიხედვით, სასამართლოს ხაზგასმით, მიუხედავად იმისა, რომ ქორწინებასთან დაკავშირებული წესები წევრი სახელმწიფოს კომპეტენცაში შედის, წევრი სახელმწიფო ვალდებულია ამ კომპეტენციის აღსრულებაში ევროკავშირის კანონმდებლობასთან თანხვედრაში იმოქმედოს. აღნიშნულია, რომ წყვილს, როგორც ევროკავშირის მოქალაქეებს, აქვთ თავისუფლად გადაადგილების, წევრ ქვეყნებში ცხოვრებისა და ამ თავისუფლების შესაბამისად ნორმალური საოჯახო ცხოვრების უფლება მაშინ, როცა ბრუნდებიან EU-ს იმ ქვეყანაში, საიდანაც წარმოშობით არიან.

"კონკრეტულად, როცა ისინი ქმნიან საოჯახო ცხოვრებას სტუმრად მყოფ წევრ სახელმწიფოში, კერძოდ კი ქორწიების გზით, მათ უნდა ჰქონდეთ გარანტია, რომ შეძლებენ ამ ოჯახური ცხოვრების გაგრძელებას, როცა დაბრუნდებიან წევრ სახელმწიფოში, საიდანაც წარმოშობით არიან." - წერია პრესრელიზში.

ევროკავშირის მართლმსაჯულების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სხვა წევრ ქვეყანაში ერთნაირსქესიან EU-ს მოქალაქეთა ლეგალური ქორწინების აღიარებაზე უარის თქმამ შესაძლოა გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული, პროფესიული და პირადი დონის სირთულეები, რაც მსგავს წყვილს სამშობლოში დაუქორწინებელ პირებად ცხოვრებას აიძულებს.

"ამ მიზეზით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მსგავსი უარი ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. ის არღვევს არა მხოლოდ გადაადგილებისა და ცხოვრების თავისუფლებას, არამედ პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის ფუნდამენტურ უფლებასაც." - წერია პრესრელიზში.

პრესრელიზში წერია, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების საჯარო რეესტრში სამართლებრივი აღიარება ეროვნულ იდენტობას საფრთხე ვერ შეუქმნის. ასევე აღნიშნულია, რომ წევრი ქვეყნებისგან ერთნაირსქესიანთა ქორწინების კანონის მიღებას არ ითხოვენ.

"სასამართლო მიიჩენვს, რომ აღიარების ვალდებულება არ უთხრის ძირს ეროვნულ იდენტობას და არ წარმოადგენს საფრთხეს საფრთხეს წყვილის წარმოშობის სახელმწიფოს საჯარო პოლიტიკისთვის. [ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო] არ ითხოვს წევრი ქვეყნისგან ნაციონალურ კანონმდებლობაში ერთნაირსქესიან პირთა შორის ქორწინების უზრუნველყოფას." - წერია პრესრელიზში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ "წევრ ქვეყნებს გააჩნიათ დისკრეციის ზღვარი მსგავსი ქორწინების აღიარების პროცედურების შერჩევის დროს და ქორწინების უცხოური სერტიფიკატი ტრანსკრიფცია მხოლოდ ერთ-ერთი შესაძლებელი პროცედურაა". სასამართლო ხაზს უსვამს, რომ მსგავსმა პროცედურებმა ერთნაირსქესიანთა ქორწინების აღიარების პროცესი არ უნდა გახადონ შეუძლებელი, ძალიან გართულებული ან დისკრიმინაციული.

"შესაბამისად, რადგან პოლონეთის კანონმდებლობით ტრანსკრიპცია არის ერთადერთი საშუალება, რომლის მეშვეობითაც სხვა წევრ სახელმწიფოში დადებული ქორწინება შეიძლება ეფექტიანად იქნეს აღიარებული ადმინისტრაციული ორგანოების მიერ, პოლონეთი ვალდებულია ეს პროცედურა განურჩევლად გამოიყენოს როგორც ერთნაირსქესიან, ისე საპირისპიროსქესიან პირთა ქორწინების მიმართ." - წერია პრესრელიზში.

კომენტარები