ახალი სტადიონი თბილისში

თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობისთვის გამოცხადებული 876-მილიონიანი ტენდერი შეწყდა

თბილისში, აეროპორტის მიმდებარედ ახალი სტადიონის მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერი შეწყდა. მუნიციპალური განვითარების ფონდის სატენდერო კომისიამ, ამ ეტაპზე, გამარჯვებული კომპანია ვერ გამოავლინა.

ფონდის განცხადებით, "კომისიამ კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენა და საჭიროდ მიიჩნია პირობების ხელახალი შეფასება და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება"

"კომისიის შეფასებით, აუცილებელია სატენდერო დოკუმენტაციის, მათ შორის დამკვეთის მოთხოვნებისა და საკვალიფიკაციო კრიტერიუმების ხელახალი გადახედვა, რათა პროცესი მეტად სრულყოფილი და კონკურენტული იყოს.

იმის გამო, რომ ტენდერის საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს მხოლოდ ერთი პრეტენდენტი აკმაყოფილებდა და მისი შეთავაზება, სხვა მონაწილეთა ფასებთან შედარებით, მნიშვნელოვნად მაღალი იყო, კომისიამ კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენა და საჭიროდ მიიჩნია პირობების ხელახალი შეფასება და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება". - ნათქვამია ფონდის განცხადებაში

ახალი სტადიონის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში სამშენებლო წინადადებები სამმა კომპანიამ შეიტანა, მათგან ორ უცხოურ კომპანიას არასრულყოფილად შევსებული განაცხადის გამო დისკვალიფიკაცია მიანიჭეს. შესაბამისად ტენდერში მონაწილეობისთვის მხოლოდ ერთი კომპანია ანაგი რჩებოდა.

რადგან ანაგის და სხვა დისკვალიფიცირებული კომპანიების მიერ წარდგენილ ფასებს შორის სხვაობა მნიშვნელოვნად მაღალი იყო, სატენდერო კომისიამ ტენდერის შეწყვეტისა და პირობების გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო. 

  • ანაგი - 850 მილიონი
  • JV  MAQRO–INSHAATCHI 3 - 789.42 მილიონი 
  • YDA İNŞAAT SANAYİ VE TİCARET ANONİM ŞİRKETİ - 744. 93 მილიონი 

სტადიონის მშენებლობისთვის 876-მილიონიანი ტენდერი 15 აგვისტოს გამოცხადდა, წინადადებების მიღება კი 29 სექტმებერს დასრულდა.

2024 წლის 22 აპრილს კობახიძემ ახალი სტადიონის მშენებლობა დააანონსა. 

"ეს იქნება ბრიტანული სტილის სტადიონი. სავარაუდო ლოკაცია იქნება ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, კომპლექსურად შეიძლება განვითარდეს ეს ტერიტორია ასეთ  პირობებში. აქვე, მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე ახალაშენებულ სტადიონზე" . - თქვა მაშინ ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები