ქურდობა

ხაშურის საკრებულოში ოცნების ყოფილ დეპუტატს, ლევან გამრეკელს პატიმრობა შეეფარდა

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ ხაშურის საკრებულოში ოცნების ყოფილი დეპუტატს, ბიზნესმენ ლევან გამრეკელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

პატიმრობა შეეფარდათ ასევე მასთან ერთად დაკავებულ 2 პირს - პაატა ნოზაძესა და რომან მეტივიშვილს. 

დაცვის მხარე ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას შუამდგომლობდა. სასამართლომ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა. 

პროკურატურის განცხადებით, ლევან გამრეკელი 2 პირთან ერთად 5 მილიონი ლარის მილსადენებს ფარულად დაეუფლა.

თავად გამრეკელი აღნიშნულს უარყოფს. ადვოკატის თქმით, მომხდარი გაუგებრობაა.

"როდესაც მან შეიძინა ეს მილები, მაშინ არ იყო დარეგისტრირებული ხაზოვანი ნაგებობა, აქედან გამომდინარე, შესაძლებელია რომ მოხდა არევა. ორი ხაზოვანი ნაგებობის დამთხვევა მოხდა ერთმანეთზე. აქედან გამომდინარეა ეს გაუგებრობაც და ამიტომაც აცხადებს, რომ თუ ზიანია მიყენებული, მზად არის აანაზღაუროს". - განაცხადა გამრეკელის ადვოკატმა.

გამრეკელი 11 ნოემბერს დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ლევან გამრეკელმა, ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად ორგანიზებული ჯგუფი შექმნა. ისინი 2020-2023 წლებში ფარულად დაეუფლნენ შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ 5 000 000 ლარის ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს, რის შედეგადაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა" - ნათქვამია პროკურატურის მიერ გამრეკელის დაკავების შესახებ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები