დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

აშშ-მ "ნარკოტერორისტების" წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გამოაცხადა

აშშ-ს თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი
Ron Sachs / CNP

აშშ-ს ომის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა 14 ნოემბერს "ნარკოტერორისტების" წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია "სამხრეთის შუბი" გამოაცხადა, რაც მისი თქმით, დაიცავს "სამშობლოს ნარკოტიკებისგან, რომელიც ჩვენს ხალხს ხოცავს."

არსებული ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, წარმოადგენს თუ არა ეს ახალ, უფრო მასშტაბურ სამხედრო მისიას, თუ ეს მხოლოდ ახალი სახელია კარიბის ზღვასა და წყნარ ოკეანეში აშშ-ს მიმდინარე ოპერაციისთვის. 

ოპერაცია "სამხრეთის შუბს" აშშ-ს სამხრეთის სარდლობა უხელმძღვანელებს, რომელიც ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, ასევე მიმდებარე წყლებში სამხედრო მოქმედებებს ხელმძღვანელობს. 

"დასავლეთ ნახევარსფერო ამერიკის სამეზობლოა და ჩვენ მას დავიცავთ," დაწერა ჰეგსეთმა X-ზე. 


ცნობისთვის, მიმდინარე წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრაპმა ნარკოკარტელების წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების ნებართვა გასცა. 

ხოლო 16 ოქტომბერს ტრამპმა განაცხადა, რომ ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს (CIA) ვენესუელაში ფარულად ოპერაციების ჩატარების უფლება მისცა, მათ შორის, ნარკოკარტელების წინააღმდეგ შესაძლო დარტყმების მხრივაც.

მოგვიანებით, 25 ოქტომბერს, პენტაგონის მეთაურის, პიტ ჰეგსეტის ბრძანებით, კარიბის ზღვაში მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ავიამზიდი USS Gerald Ford გაიგზავნა. კარიბის ზღვის სიახლოვეს აშშ-მ თავი მოუყარა სხვა სამხედრო ხომალდებსაც. 

ბოლო ორი თვის განმავლობაში, აშშ-ს სამხედრო ძალებმა როგორც ატლანტიკურ, ისე წყნარ ოკეანეში, რამდენიმე ხომალდი გაანადგურა, რომლებიც, ტრამპის ადმინისტრაციის მიხედვით, ნარკოტრეფიკინგში იყვნენ ჩართულნი.

"ეს იერიშები ყოველდღიურად გაგრძელდება. ისინი უბრალოდ ნარკოტიკების გადამტანები არ არიან, ისინი არიან ნარკოტერორისტები, რომლებსაც ჩვენს ქალაქებში სიკვდილი და განადგურება მოაქვთ." - განაცხადა ჰეგსეთმა მე-9 ხომალდის განადგურების შემდეგ.

კომენტარები