ჟენევაში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, გენადი გატილოვმა რუს ჟურნალისტებთან საუბარში, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების შინაარსი გაიმეორა და დაამატა, რომ ქართული ოცნების მიერ "მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობის" აღიარება აძლევს იმედს, რომ თბილისი ოკუპირებულ ტერიტორიებთან თავდაუსხმელობის შეთანხმებას დადებს და ე.წ. საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციას დაიწყებს. რუსმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ სააკაშვილის მიერ "სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ომის დაწყების პასუხისმგებლობა" ქართულმა ოცნების საგამოძიებო კომისიამ ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნა.
გატილოვის სიტყვებს რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია ТАСС-ი ციტირებს. გატილოვი ჟენევის დისკუსიების ბოლო რაუნდის დროს რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა.
გატილოვის თქმით, "მთლიანობაში რუსული მხარე კმაყოფილია შემდგარი განხილვით". მან გაიმეორა რუსეთის საგარეო უწყების განცხადების შინაარსი, რომ ბოლო პერიოდში საქართველოსა და ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზებზე "სერიოზული ინციდენტები" არ მომხდარა. მან ასევე გაიმეორა რუსეთის პოზიცია, რომ საქართველოს მიერ ოკუპირებული რეგიონების წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების დადება და "საზღვრების დადგენა" ხელს შეუწყობს "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მტკიცე უსაფრთხოების მიღწევას". მისივე თქმით, მხოლოდ ეს უზრუნველყოფს, რომ "არ განმეორდეს სამხედრო ავანტიურა ორი რესპუბლიკის წინააღმდეგ".
როგორც რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია წერს, გატილოვმა აღნიშნა, რომ "ამ პრიორიტეტული დავალებების გადაჭრის" იმედს აძლევს "საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან სამხრეთ ოსეთის წინააღდეგ ომის გაჩაღებაზე მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პასუხისმგებლობის აღიარება". რუსი დიპლომატის თქმით, ეს "პასუხისმგებლობა" აღინიშნა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, რომელიც სწავლობდა სააკაშვილის რეჟიმის საქმიანობას, და მას დამამტკიცებელ შესაბამის დადგენილებაში.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 65-ე შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც საქართველოს კიდევ ერთხელ მოუწოდა ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტულ რეჟიმებთან თავდაუსხმელობის შეთანხმების გაფორმებისკენ. ასევე, ამ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მსგავსი ხელშეკრულება იქნებოდა ქართული ოცნების შერიგების რიტორიკის ხორცშესხმა.





