4 ოქტომბერი

ნანა სანდერს მეორე ბრალიც წარედგინა, სხვების კვალიფიკაცია არ იცვლება – პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულ ნანა სანდერს ბრალი დაუზუსტდა და ამჟამად მას უწყება არამხოლოდ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, არამედ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდებასაც ედავება. 

იმავე საქმეზე დაკავბულ 63 პირს კი, პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდება უზუსტდება მხოლოდ ფორმულირების და დანაშაულის ქმედების აღწერის ნაწილში და კვალიფიკაცია არ იცვლება.

"ერთ ბრალდებულს - ნანა სანდერს კი ბრალდება კვალიფიკაციის ნაწილში უზუსტდება. ბრალდებულს ბრალად წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება), ხოლო ამჟამად ბრალდება წარედგინება როგორც 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე 317-ე მუხლით (საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ)" - წერია პროკურატურის განცხადებაში. 


4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე შეკრება მოქალაქეებმა 16:00 საათიდან დაიწყეს. 18:00 საათზე, პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე მისი განცხადებით, "ეროვნული კრების დეკლარაცია" წაიკითხა და თქვა, რომ "ამიერიდან ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს".

ამის შემდეგ მოქალაქეებს მურთაზ ზოდელავამ მიმართა და მოუწოდა, ათონელის რეზიდენციისკენ წასულიყვნენ - " მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური ძალა ვიკრიბებით ბარათაშვილის პარკისკენ და ვიწყებთ მოძრაობას, რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება" - თქვა მან.

მოქალაქეთა ნაწილმა პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში ჯებირები მოარღვია, გდდ-მ მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა და ათონელის სასახლის ეზო დაატოვებინა. 

მომიტინგეთა ნაწილი ათონელის ქუჩაზე დარჩა, ნაწილი რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე. გდდ-მ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი და გაზი, ასევე წყლის ჭავლი. 

ცოტა ხანში ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილემ , ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ "თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორების და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით" გამოძიება სსკ-ს 4 მუხლით: 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე დაიწყო.

რამდენიმე საათში გახდა ცნობილი, რომ 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ვაჟა ბერიძე დააკავეს. მომდევნო დღეებში აიყვანეს აქციის მონაწილეებიც. ივანიშვილის პრემიერმა არაერთხელ თქვა, რომ დაკავებულთა რიცხვი "მნიშვნელოვნად გაიზრდება".

კომენტარები