ვენესუელის სამხედროები აშშ-ს თავდასხმის შემთხვევაში პარტიზანული რეაგირებისთვის ემზადებიან. ინფორმაციას გამოცემა Reuters რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სამხედროებმა განალაგეს იარაღები, მათ შორის, ათწლეულების წინ რუსეთში ნაწარმოები აღჭურვილობა და აშშ-ს საჰაერო ან სახმელეთო თავდასხმის შემთხვევაში, პარტიზანული სტილის წინააღმდეგობას გეგმავენ.
როგორც Reuters წერს, ეს მიდგომა ქვეყნის მხრიდან პერსონალისა და აღჭურვილობის დეფიციტის ფარულ აღიარებას წარმოადგენს
ამასთან, მედიის ცნობით, პარტიზანული სტილის თავდაცვა, რომელსაც ვენესულის მთავრობა "ხანგრძლივ წინააღმდეგობას" უწოდებს, მოიცავს მცირე სამხედრო დანაყოფებს 280-ზე მეტ ადგილზე, რომლებიც დივერსიულ აქტებს და სხვა პარტიზანულ იერიშებს განახორციელებენ.
წყაროების ინფორმაციით, არსებობს ალტერნატიული სტრატეგიაც, რომელიც "ანარქიზაციას" – კარაკასის ქუჩებში არეულობის შექმნას და ვენესუელის "უცხო ძალებისთვის უმართავ" ქვეყნად გადაქცევას გულისხმობს.
ცნობისთვის, 16 ოქტომბერს, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მან ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ვენესუელაში ფარულად ოპერაციების ჩატარების უფლება მისცა, მათ შორის, ნარკოკარტელების წინააღმდეგ შესაძლო დარტყმების.
მოგვიანებით, 25 ოქტომბერს პენტაგონის მეთაურის, პიტ ჰეგსეტის ბრძანებით, კარიბის ზღვაში მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ავიამზიდი USS Gerald Ford გაიგზავნა.
ბოლო მონაცემებით, ავიამზიდი, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში იმყოფებოდა, ხორვატიის სანაპიროდან დაიძრა.
კარიბის ზღვაში აშშ-მ მსხვილ სამხედრო ძალას მოუყარა თავი. ავიამზიდის გარდა, პუერტო-რიკოს ტერიტორიაზე განთავსებულია F-35B-ს ტიპის 10 ავიაგამანადგურებელი, AV-8B Harrier ტიპის 6 ავიაგამანადგურებელი, 7 მოიერიშე დრონი MQ 9 Reaper და 13 ვერტმფრენი.
გარდა ამისა, ვენესუელის ჩრდილოეთით კრეისერისგან, ოთხი სარაკეტო ნაღმმზიდისა და სანაპირო ზონის საბრძოლო გემისგან შემდგარი ჯგუფი კურსირებს. თითოეულ სამხედრო ხომალდს 32 Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტის გადატანა შეუძლია.
მიმდინარე წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრაპმა ნარკოკარტელების წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების ნებართვა გასცა.
ბოლო ორი თვის განმავლობაში, აშშ-ს სამხედრო ძალებმა როგორც ატლანტიკურ, ისე წყნარ ოკეანეში 9 ხომალდი გაანადგურა, რომელსაც სავარაუდოდ ნარკოტიკი გადაჰქონდა.
"ეს იერიშები ყოველდღიურად გაგრძელდება. ისინი უბრალოდ ნარკოტიკების გადამტანები არ არიან, ისინი არიან ნარკოტერორისტები, რომლებსაც ჩვენს ქალაქებში სიკვდილი და განადგურება მოაქვთ", – განაცხადა ჰეგსეთმა მე-9 ხომალდის განადგურების შემდეგ.





