რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (ФСБ) უკრაინის სამხედრო დაზვერვის ოპერაცია ჩაშალა, რომელიც მიზნად ისახავდა რუსული МиГ-31-ის ტიპის გამანადგურებლის გატაცებას და მისი გამოყენებით პროვოკაციის მოწყობას NATO-ს ერთ-ერთ ბაზასთან. ინფორმაციას ФСБ-ს პრესამსახური ავრცელებს.
"გახსნილი და აღკვეთილია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და მისი ბრიტანელი კურატორების ოპერაცია, რომლის მიზანიც იყო Кинжал-ის ზებგერითი რაკეტით აღჭურვილი МиГ-31-ის ტიპის გამანადგურებლის გატაცება და მისი საზღვრებს გარეთ გამოყენება.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ოფიცრებმა თვითმფრინავის გატაცების მიზნით, რუსი პილოტების გადაბირება სცადეს და მათ 3 მილიონი აშშ დოლარი შესთავაზეს. ამის შემდეგ სპეცსამსახურებმა დაგეგმეს Кинжал-ით აღჭურვილი გამანადგურებლის გაგზავნა რუმინეთის ქალაქ კონსტანცაში, სადაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში NATO-ს ყველაზე დიდი ავიაბაზა მდებარეობს. იქ კი გამანადგურებელს საჰაერო თავდაცვის ძალები ჩამოაგდებდნენ". - აცხადებს ФСБ.
ამ დრომდე რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არც უკრაინულ და არც ბრიტანულ მხარეს არ გაუკეთებია.





