აქციების კანონი

ომბუდსმენმა სახის დაფარვის შეზღუდვაზე საქალაქოს სასამართლო მეგობრის მოსაზრებით მიმართა

სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც 7 ნოემბერს ლევან იოსელიანმა სასამართლოს მეგობრის (𝐀𝐦𝐢𝐜𝐮𝐬 𝐂𝐮𝐫𝐢𝐚𝐞) ზოგადი მოსაზრებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. მიმართვაში შეკრების მონაწილეთა მიერ სახის დაფარვის შემთხვევებთან დაკავშირებით უფლებრივი სტანდარტია განხილული. 

სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით, შეკრების მონაწილის მიერ სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა, თუ მისი ქცევა არაძალადობრივია სრულად აკმაყოფილებს "მშვიდობიანობის“ კრიტერიუმს. 

მიმართვის მიხედვით, ვინაიდან შეკრების თავისუფლების მარეგულირებელი სტანდარტებით, უფლების სუბიექტს მინიჭებული აქვს შეკრების შინაარსისა და ფორმის არჩევის საშუალება, უფლებრივი გარანტიები ასევე ვრცელდება გამოყენებულ გამომხატველ საშუალებებზე, როგორიცაა ტანისამოსი, სახის ნიღბები, ბალაკლავები და სხვა აქსესუარები.

სასამართლო მეგობრის მიმართვაში ხაზგასმულია, რომ სახის დაფარვის საშუალებები შეიძლება გამოყენებულ იქნას ანონიმურობის დასაცავად, ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით, შეიძლება სახის დაფარვას შეკრების მონაწილეების მხრიდან ჰქონდეს რელიგიური ან სამედიცინო დატვირთვა.

განცხადების მიხედვით, შეკრების მონაწილეების მიერ სახის დაფარვის უპირობო საკანონმდებლო აკრძალვა იოსელიანმა ჯერ კიდევ უკანასკნელ საპარლამენტო ანგარიშში გააკრიტიკა და მისი გაუქმება მოითხოვა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის მეგობრის ზოგადი მოსაზრების წარდგენის მიზეზი იყო ის, რომ ხელი შეეწყოს სათანადო უფლებრივი სტანდარტის დამკვიდრებას.

"იმისთვის, რომ კოდექსის განსახილველი ნორმა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტთან შესაბამისად განიმარტოს, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში, მათ შორის, განხილულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (𝐎𝐒𝐂𝐄/𝐎𝐃𝐈𝐇𝐑) მიერ დადგენილი რელევანტური სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, დაუშვებელია შეკრების მონაწილეების მიერ სახის დაფარვისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება როცა შეკრების მონაწილეთა ქცევა არის მშვიდობიანი და საკუთარ ვინაობას არ ფარავენ, ძალადობრივი ქმედების ჩადენის თუ არსებითად საზოგადოებრივი წესრიგის ხელყოფის მიზნით." - წერია ომბუდსმენის განცხადებაში. 

სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს გაეგზავნა განხილულია, რომ "შეკრების თავისუფლება, როგორც გამოხატვის სპეციალური ფორმა, ინსტრუმენტული უფლებაა, რომელსაც ორი თანაბრად მნიშვნელოვანი ასპექტი გააჩნია: ფორმალური მხარე - რომელიც შეკრებაში გამოიხატება და შინაარსობრივი მხარე - კონკრეტული აზრი, რომელსაც შეკრება ემსახურება."

ამ წერილში ასევე ხაზგასმულია, რომ მხოლოდ მშვიდობიანი ხასიათის შეკრება ექცევა უფლებით დაცულ სფეროში. 

მიმართვის მიხედვით, თუ შეკრება ან მისი მონაწილეების ქცევა ეწინააღმდეგება კანონმდებლობის ფორმალურ მოთხოვნებს, თუმცა არის სრულიად არაძალადობრივი, მაშინ ის შეიძლება ჩაითვალოს მშვიდობიანად. მაშინ, როცა შეკრების მონაწილე სახეს ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით იფარავს, თუმცა მისი ქცევა არაა ძალადობრივი და მიზნად არ ისახავს კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენას, მაშინ უფლებრივი სტანდარტის შესაბამისად სრულად აკმაყოფილებს მშვიდობიანის კრიტერიუმს.

მიმართვაში ნახსენებია სამ-საფეხურიანი ტესტი, რომლის მიხედვითაც მოწმდება უფლებაში ჩარევის კანონიერება:

1. ჩარევა გათვალისწინებულია კანონით;

2. ჩარევა ემსახურება ზემოთ ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე ლეგიტიმური მიზნის დაცვას;

3. ჩარევა აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.

"იმის მიუხედავად, რომ შეკრების მონაწილეების ქცევა ფორმალურად წინააღმდეგობაში მოდის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოთხოვნასთან, სასამართლომ უნდა დაასაბუთოს, რომ პირის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობა აუცილებელია კანონმდებლობით გათვალისწინებული კონკრეტული ლეგიტიმური მიზნის, მაგალითად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად." - წერია წერილში.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისა (OSCE/ODIHR) და ვენეციის კომისიის მიერ შემუშავებულ შეკრების თავისუფლების სახელმძღვანელოს თანახმად, "მშვიდობიანი შეკრების მიმდინარეობისას, ნიღბებისა და სახის დაფარვის სხვა საშუალებების ტარების აკრძალვა არ უნდა დაწესდეს, როდესაც არ არსებობს ძალადობის მყისიერი საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, პირს არ უნდა ეთხოვოს ნიღბის მოხსნა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი ქცევა ქმნის დაკავების სავარაუდო საფუძველს და სახის დაფარვა შეუძლებელს ხდის მის იდენტიფიცირებას."

დასკვნაში ლევან იოსელიანი აღნიშნავს, რომ "სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის გამო შეკრების მონაწილეთა ადმინისტრაციული სანქცირების მართლზომიერების შეფასებისას, მნიშვნელოვანია, სასამართლოს მიერ გათვალისწინებულ იქნას წინამდებარე მომართვაში ასახული პრინციპები."

ცნობისთვის, ივანიშვილის რეჟიმმა 16 ოქომბერს მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც აქციაზე სახის ნიღბით დაფარვისა და გზის გადაკეტვის პირველივე შემთხვევები 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება, ხოლო ამგვარი ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებას 1 წლამდე ვადით.

კომენტარები